ქართველი წყვილი საპატიო ვაშინგტონელი ხდება

პაატა და ირინა ციქურიშვილები იმ 12 ვაშინგტონელს შორის დასახელდნენ, რომელთაც ამერიკის დედაქალაქის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალეს
ჟურნალი „ვაშინგტონელი“ The Washingtonian 2013 წლის საპატიო ვაშინგტონლებს შორის პაატა და ირინა ციქურიშვილებს ასახელებს. „სინეტიკის“ თეატრის დამფუძნებელი წყვილი იმ 12 ვაშინგტონელს შორის არის მოხსენიებული, რომლებმაც შეერთებული შტატების დედაქალაქის ცხოვრება ბოლო წლის მანძილზე უკეთესობისკენ შეცვალეს.

ადგილობრივი გმირების დასახელების ტრადიციას 42 წლის ისტორია აქვს. გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 15 იანვარს იგეგმება. „მერილენდის თეატრალური მეგზურისთვის“ გაკეთებულ კომენტარში პაატა ამბობს, რომ მისთვის და ირინასთვის დამსახურებულ ადგილობრივ მოღვაწეთა შორის დასახელება განსაკუთრებული პატივია. „სინეტიკის თეატრის დაარსებისას, გვინდოდა საკუთარი ხედვა გაგვეზიარებინა და გულის სიღრმემდე შეგვძრა იმან, თუ როგორი კეთილი განწყობით მიგვიღო ვაშინგტონის საზოგადოებამ“ - აღნიშნავს რეჟისორი და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

არსებობის 12 სეზონის მანძილზე „სინეტიკის“ თეატრმა ვაშინგტონის პრესტიჟული პრემიის, ჰელენ ჰეისის სახელობის პრიზის, 92 ნომინაცია და 24 ჯილდო მოიპოვა. შეერთებული შტატების დედაქალაქში 90-მდე პროფესიონალური თეატრი ფუნქციონირებს.