25 აპრილს უორნერის თეატრის წინ დაგებულ წითელ ხალიჩაზე სინეტიკის თეატრის დასი საკმაოდ შინაურულად გრძნობდა თავს. მისი ხელმძღვანელი, რეჟისორი პაატა ციქურიშვილი, ჰელენ ჰეისის სახელობის საუკეთესო რეჟისორის პრიზის მფლობელი უკვე მეოთხედ გახდა.
ამერიკის ერთ-ერთი პრესტიჟული თეატრალური ჯილდო, რომელიც 27 წელია არსებობს, სინეტიკის „ოტელომ“ წელს კიდევ სამ ნომინაციაში მოიპოვა: მსახიობთა საუკეთესო ანსამბლისთვის, კოსტუმების დიზაინის და საუკეთესო განათებისთვის. ახალგაზრდა თეატრი, რომელიც სულ 10 წელიწადია არსებობს, ჰელენ ჰეისის 21 პრიზის და რამდენიმე ათეული ნომინაციის მფლობელია.
პაატა და ირინა ციქურიშვილების მიერ დაარსებულმა თეატრმა დიდი ხანია, რაც ვაშინგტონის თეატრალურ ცხოვრებაში გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა. სინეტიკის თეატრის დასი შინ, ვირჯინიის ქალაქ არლინგტონში დადგმულ ორიგინალურ სპექტაკლებთან ერთად, ერთ პროექტს ყოველწლიურად ვაშინგტონის შექსპირის თეატრისთვის ახორციელებს.
ამ გაზაფხულზე წარმოდგენილმა „მეფე ლირმა“ ვაშინგტონელი თეატრალების და დედაქალაქის სტუმართა დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. კრიტიკოსი ჯო ედკოკი წერს: პაატა ციქურიშვილის „რიგით მეშვიდე უსიტყვო შექსპირი პოეტური ჩუქურთმის გარეშე, სრულიად გაშიშვლებული წარუდგა მაყურებელს“ და როგორც მოსალოდნელი იყო, ორიგინალურმა „ფორმამ ისევ დაჯაბნა პიესის შინაარსი“.
სპექტქკლის სამხატვრო გაფორმება გოგი მესხიშვილს ეკუთვნის. ქორეოგრაფი ირინა ციქურიშვილია, კომპოზიტორი კი კონსტანტინე ლორთქიფანიძე გახლავთ. ლირის როლს მსახიობი ირაკლი კავსაძე ასრულებს. ირაკლიმ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რობერტ სტურუასეული ლირი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას თავიდან საკმაოდ გაუჭირდა გენიალური მსახიობის - რამაზ ჩხიკვაძის - გავლენიდან თავის დაღწევა. პაატა ციქურიშვილისეულმა ინტერპრეტაციამ და თავისუფალი იმპროვიზაციის შესაძლებლობამ მას უდიდესი დახმარება გაუწია.
პაატას მსახიობებთან მუშაობის არაჩვეულებრივ მეთოდზე ამერიკელი მსახიობი - ბენ კუნისიც - გვესაუბრა. მისი თქმით ქართველ რეჟისორთან მუშაობა დიდი ფუფუნებაა, რადგან თვითეულ სპექტაკლზე იზრდები, როგორც მსახიობი და ისეთ მწვერვალებს აღწევ, რომელსაც თვითონ ვერასოდეს წარმოიდგენდი.
ერთ-ერთ ეპიზოდში მეფე ხელში სილას იღებს და სევდიანად შესცქერის, თუ როგორ ეცლება ის თითებს შორის. სცენაზე დაყრილი ქვიშა ლირის ცხოვრების ამაოებაზე აფიქრებს მაყურებელს და ზოგადად სიცოცხლის მყისიერებას და წარმავლობას კიდევ ერთხელ შეახსენებს მას.
რეჟისორის მეტაფორული ხელწერა, მეტყველი ქორეოგრაფია და დრამატული მუსიკა მსახიობთა დიდოსტატურ ნამუშევართან ერთად დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ქმნის. „ვაშინგტონ პოსტი“ წერს: „ირაკლი კავსაძის მიერ უსახლკარო და სევდიანი ლირის ახალი სახის შექმნის მიუხედავად, მაინც მთლიანად სპექტაკლია ვარსკვლავი“.