პესკოვი: ტრასის შეცდომა ადასტურებს, რომ დასავლეთს არ ესმის უკრაინის კონფლიქტი

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის, ლიზ ტრასისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა გაუგებრობით დასრულდა. კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ის, რაც ტრასმა ლავროვს შეხვედრაზე უთხრა, ნათლად გამოხატავს და აჩვენებს იმას, თუ როგორ არ ესმის დასავლეთს უკრაინის კონლიფქტი. "ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენ საკუთარი პოზიციების დაცვა გვიწევს" - თქვა კრემლის პრესსპიკერმა დღეს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე.

რუსული გამოცემა "კომერსანტის" მიხედვით, რომელიც ორი დიპლომატის ცნობას ეყრდნობა, შეხვედრაზე ლავროვმა ტრასს ჰკითხა, აღიარებდა თუ არა ის რუსეთის სუვერენულ უფლებას როსტოვის და ვორონეჟის რეგიონებზე? აღნიშნული ტერიტორიები რუსეთის ნაწილია და მის სამხრეთში მდებარეობს. ბრიტანელმა კოლეგამ ლავროვს კითხვაზე უპასუხა, რომ ბრიტანეთი ამას არასდროს აღიარებდა. იმავე მედია გამოცემის მიხედვით, ამ წინადადების შემდეგ, ბრიტანეთის ელჩმა რუსეთში განუმარტა საგარეო უწყების ლიდერს, რომ ლავროვი რუსეთის ტერიტორიებზე საუბრობდა და არა უკრაინისაზე.

ასევე ნახეთ: ულტიმატუმის მიუხედავად, რუსეთმა ევროკავშირისგან ერთიანი პასუხი მიიღო

ლავროვის მიერ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნისა და დასავლეთის გაკრიტიკების შემდეგ, კომენტარი გააკეთეს ბრიტანეთში. ქვეყანაში ამბობენ, რომ ლავროვის კომენტარები პროპაგანდაა და ტრასმა, უბრალოდ არასწორად გაიგო ლავროვის შეკითხვა.

ბრიტანეთი, რა თქმა უნდა, აღიარებს, რომ ამ კონკრეტული ტერიტორიების სუვერენიტეტი კითხვის ქვეშ არ დგას. ბრიტანული წყაროს მიხედვით, რომელიც "როიტერს" ესაუბრა, ტრასმა უბრალოდ არასწორად გაიგო შეკითხვა და სრულიად არ ეთანხმება პესკოვის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთში არ ესმით რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დეტალები.