სამშაბათს, თეთრი სახლის ყოფილმა თანაშემწემ ჩვენება მისცა, რომ 2021 წლის 6 იანვარს, როდესაც დაცვამ ყოფილ პრეზიდენტს უარი უთხრა კაპიტოლიუმთან მიეყვანა, სადაც მისი მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი და არეულობა მიმდინარეობდა, ტრამპმა სცადა საპრეზიდენტო ლიმუზინის საჭეს მიწვდომოდა.
თანაშემწემ თავის ჩვენებაში თქვა, იმ დროს პრეზიდენტმა ტრამპმა არად ჩააგდო შეშფოთება, რომ ზოგიერთი მხარდამჭერი, რომელიც თეთრი სახლის წინ მისი ემოციური სიტყვის მოსასმენად შეიკრიბა, AR-15 ტიპის შაშხანით იყო მისული. ამის ნაცვლად, უსაფრთხოების სამსახურს სთხოვა დამსწრეები ლითონის დეტექტორებში არ გაეტარებინა, რათა ხალხის მასა უფრო დიდი გამოჩენილიყო.
ასევე ნახეთ: კაპიტოლიუმზე თადასხმის საქმეკასიდი ჰატჩინსონმა, რომელიც ტრამპის თეთრი სახლის კანცელარიის უფროსის, მარკ მიდოუს მთავარი თანაშემწე იყო, ტრამპის მიერ იმ დილით ნათქვამის ციტირება მოახდინა: „მოაცილიეთ ის ***** მაგები [მაგნეტომეტრები, ლითონის დეტექტორები] , ისინი [მხარდამჭერები] ჩემთვის ზიანის მოსაყენებლად არ არიან მოსული“.
6 იანვრის მოვლენების თაობაზე წარმომადგენელთა პალატაში მოსმენების მეექვსე დღეს მიცემულ ჩვენებაში ჰატჩინსონმა თქვა, რომ ამ საუბრის შინაარსი მას ტონი ორნატომ, საიდუმლო სამსახურის მაღალი თანამდებობის პირმა გადასცა, რომელიც ტრამპის კანცელარიის უფროსის მოადგილე იყო.
„ნიუ-იორკ თაიმსმა“ და „ენ ბი სიმ“, საიდუმლო სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით თქვეს, რომ ტრამპის დაცვის უფროსი რობერტ ენგელი და ლიმუზინის მძღოლი მზად იყვნენ ფიცის ქვეშ მიეცათ ჩვენება, რომ ტრამპმა საჭისკენ არ გაიწია. ჰატჩინსონმა თქვა, რომ როდესაც ორნატომ ეს ამბავი გადასცა, ენგელი იმავე ოთახში იმყოფებოდა.
„ნიუ-იორკ თაიმსმა“ და „სი ენ ენმა“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით თქვეს, რომ ეს ამბავი ორნატომაც უარყო და ჩვენების მისაცემად მზად არის.
დონალდ ტრამპმა ჰატჩინსონის ჩვენების შესახებ საკუთარ „Truth Social”-ზე დაწერა: „მისი ყალბი ამბავი, რომ მე თეთრი სახლის ლიმუზინის საჭის მიტაცება ვცადე, რათა კაპიტოლიუმის შენობისკენ გამეხვია, „ავადმყოფური“ და ყალბია“.