შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სამშაბათს მაიამიში ფედერალურ სასამართლოში კრიმინალური ბრალდების წარსადგენად უნდა გამოცხადებულიყო. ბრალდება შეეხება თანამდებობის დატოვების შემდეგ ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტების უკანონო შენახვას და იმ ოფიციალური პირებისთვის სიცრუის თქმას, რომლებიც დოკუმენტების ამოღებას ცდილობდნენ.
აპრილის შემდეგ, ეს ტრამპისთვის სასამართლოში მეორე გამოცხადებაა. პირველ შემთხვევაში, ნიუ-იორკში მან თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა საქმეში, რომელიც პორნო მსახიობისთვის დუმილის სანაცვლო ფულის გადახდაზე იყო დაფუძნებული.
ასევე ნახეთ: რა ვიცით ტრამპის წინააღმდეგ ახალ ფედერალურ ბრალდებაზეტრამპი პირველი მოქმედი ან ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც კრიმინალური ბრალდებები წაუყენეს, თუმცა ამას თეთრ სახლში დაბრუნების მისი იმედებისთვის ხელი არ შეუშლია.
როიტერ/იპსოსის გამოკითხვის თანახმად, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რესპუბლიკური პარტიიდან ნომინაციის მოსაპოვებელ რბოლაში, ის თავის კონკურენტებს დიდი უპირატესობით უსწრებს და რესპუბლიკელ ამომრჩეველთა 81 პროცენტს, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულად მიაჩნია.
სასამართლოში 15:00 საათზე ჩანიშნული გამოცხადების შემდეგ, ტრამპი ნიუ-ჯერსიში გაფრინდება, სადაც საღამოს, თავის გოლფის კლუბში სიტყვით გამოვა.
დონალდ ტრამპის სასამართლოში გამოცხადების დროისთვის, მაიამის ხელისუფლება სასამართლოსთან 50 ათასამდე ადამიანის შეკრებისთვის ემზადება.
ტრამპი დემოკრატ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ბრალს სდებს ფედერალური საქმის შეთითხვნაში, რომელიც მისი საარჩევნო კამპანიის ძირის გამოთხრას ემსახურება. ბაიდენი ამ საქმისგან დისტანცირებდა და კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობს.