ტრამპი კონგრესს დროებით დათხოვნით ემუქრება

შეერთებული შტატების პრეზიდენტი კონგრესს საყვედურობს იმის გამო, რომ სხვადასხვა პოსტზე მის მიერ წარდგენილი კანდიდატები, წლობით არ მტკიცდებიან. დონალდ ტრამპი კანონმდებლებს აფრთხილებს, რომ თუ მათი დამტკიცება დროულად არ მოხდება, ის გამოიყენებს განსაკუთრებულ ძალაუფლებას და მათ სენატის დამტკიცების პროცესის გვერდის ავლით, რიგგარეშე წესით დანიშნავს.

პრეზიდენტი ტრამპი დაგვიანებულ დანიშვნებში ოპოზიციაში მყოფ დემოკრატ კანონმდებლებს ადანაშაულებს. 15 კანდიდატს შორის, რომელიც პრეზიდენტმა სენატს დასამტკიცებლად უკვე წარუდგინა, ერთ-ერთია მაიკლ პეკი, დოკუმენტური ფილმების რეჟისორი, რომელიც დამოუკიდებელი ორგანიზაციის - შეერთებული შტატების გლობალური მედია სააგენტოს - ხელმძღვანელის პოსტზეა წარდგენილი. აღნიშნული ორგანიზაცია „ამერიკის ხმას“, „რადიო თავისუფლებას“ და კიდევ რამდენიმე მედია-საშუალებას ხელმძღვანელობს.

პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ პეკის ნომინაცია „ორი წელია კომიტეტშია გაჭედილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი „ამერიკის ხმის“ მართვაში ხელს გვიშლის. და თუ გსმენიათ, რა მოდის „ამერიკის ხმისგან“, ეს ამაზრზენია“ - ამბობს შეერთებული შტატების ლიდერი.

„მე ძალიან მძლავრი ძალაუფლება მაქვს“ - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე, მიანიშნა რა კონსტიტუციის მეორე მუხლზე, რომელიც პრეზიდენტს უფლებას აძლევს „განსაკუთრებულ შემთხვევაში“ არდადეგებზე დაითხოვოს შეერთებული შტატების კონგრესის ერთი, ან ორივე პალატა. აღნიშნული მუხლით ჯერ ამერიკის არცერთ პრეზიდენტს არ უსარგებლია.

„სენატმა ან უნდა შეასრულოს საკუთარი მოვალეობა და კენჭი უყაროს ჩემს ნომინანტებს, ან ფორმალურად შესვენება გამოაცხადოს, ისე რომ მე რიგგარეშე დანიშვნების საშუალება მქონდეს“ - თქვა ტრამპმა. პრეზიდენტის განცხადებით, მათ მთავრობაში უამრავი ადამიანი ჰყავთ მოსაყვანი, მითუმეტეს ახლა, პანდემიით შექმნილი კრიზისის ფონზე.

„შესაძლოა, ეს აქამდე არავის უქნია, ამაში არც არავინაა დარწმუნებული“ - განაცხადა პრეზიდენტმა თეთრი სახლის ვარდების ბაღში გამართულ ბრიფინგზე. „მაგრამ, ჩვენ ამის გაკეთებას ვაპირებთ. ჩვენ ეს ხალხი აქ გვჭირდება. ეს ხალხი ამ კრიზისის დროსაა საჭირო და აღარ გვსურს პოლიტიკური თამაშების მეტად გაგრძელება“.

„ამერიკის ხმის“ ხელმძღვანელობა პრეზიდენტის კრიტიკას უარყოფს. „75 წელზე მეტია, „ამერიკის ხმა“ საკუთარ მისიას ასრულებს უცხოეთისთვის ამერიკული ამბების გაზიარებით და ობიექტური, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდებით მსოფლიოს იმ ქვეყნებისთვის, სადაც მასზე ხელი არ მიუწვდებათ. და როგორც ბევრჯერ გვითქვამს, კონსტიტუციის პირველი შესწორების ექსპორტირებას ვეწევით“ - თქვა განცხადებაში ამანდა ბენეტმა, „ამერიკის ხმის“ დირექტორმა.

შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველი შესწორება ამერიკაში გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველყოფს.

„მე მჯერა ამ მისიის. და ინფორმაციის მაძიებელი აუდიტორიის მოზღვავებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მათ შეუძლიათ დაეყდნონ ჩვენს ინფორმაციას კორონავირუსის კრიზისთან დაკავშირებით, მსოფლიოს სჯერა ჩვენი მისიის. ეს რთული სამუშაოა და მნიშვნელოვანი საქმე, შეიძლება უფრო მეტად, ვიდრე როდესმე“ - ასე მიწერა ამანდა ბენეტმა იმავე დღეს ორგანიზაციის თანამშრომლებს. "ამერიკის ხმის" დირექტორმა თანამშრომლებს მოუწოდა, არ მოცდნენ სამუშაოს, რომელიც მათ წინაშეა და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია.

ამანდა ბენეტი „ამერიკის ხმის“ დირექტორად პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს დაინიშნა და ის 4 წელია ამ პოსტზე იმყოფება. ვეტერანი ჟურნალისტი, პრესტიჟული პულიცერის პრიზის მფლობელი, სააგენტოს 75-წლიანი ისტორიის მანძილზე, რიგით 29-ე დირექტორია.