ტრამპმა გაეროში აშშ-ის ელჩობის კანდიდატად ელის სტეფანიკი შეარჩია

ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, გაეროში ელჩის პოზიციაზე რესპუბლიკელი კონგრესმენი ელის სტეფანიკი შეარჩია.

"მაქვს პატივი წარვადგინო თავმჯდომარე ელის სტეფანიკი ჩემს კაბინეტში, გაეროში ამერიკის ელჩის პოზიციაზე. ელისი არის "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" იდეის წარმოუდგენლად ძლიერი, მტკიცე და ჭკვიანი მებრძოლი", - თქვა ტრამპმა გავრცელებულ განცხადებაში.

სტეფანიკი კონგრესში ნიუ-იორკის რესპუბლიკელი წარმომადგენელი და წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელთა კონფერენციის თავმჯდომარეა. ის არჩეული პრეზიდენტის ერთგული და მტკიცე მხარდამჭერია. მას ნომინაციის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

გასულ უქმეებზე, შაბათს, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისი ყოფილი რესპუბლიკელი მეტოქე - ნიკი ჰეილი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, მისი მომავალი ადმინისტრაციის წევრები არ იქნებიან. ჰეილი ტრამპის ადმინისტრაციის ელჩი იყო გაეროში, მოგვიანებით ის საპრეზიდენტო ნომინაციის მოსაპოვებლად იბრძოდა და ყოფილ პრეზიდენტს აკრიტიკებდა, თუმცა შემდეგ მარათონს გამოეთიშა და დონალდ ტრამპს დაუჭირა მხარი.

ასევე ნახეთ: მთავრობის კაბინეტის პოტენციური წევრების გრძელი სია, რომელიც ტრამპის გუნდისგან შემოწმებას ელის

სტეფანიკი 40 წლის კანონმდებელია, წარმომადგენელთა პალატაში ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი. რესპუბლიკელთა კონვენციამდე, მისი კანდიდატურა ვიცე-პრეზიდენტობის შესაძლო ვარიანტადაც განიხილებოდა. ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაციის თანამშრომელი შიდა პოლიტიკის მიმართულებით, 2014 წელს ყველაზე ახალგაზრდა ქალი გახდა, ვინც ოდესმე კონგრესის წარმომადგენლთა პალატაში აურჩევიათ. ის ამ დროს 30 წლის იყო, მოგვიანებით კი პალატის ლიდერების პოზიციებზეც ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი გახდა.

ის, პირველი წლების განმავლობაში, უფრო ზომიერ კონსერვატორად მიიჩნეოდა. თუმცა, მოგვიანებით იმიჯი შეიცვალა და მოძრაობის - "გავხადოთ ამერიკა ისევ დიდებული" - მტკიცე მხარდამჭერი გახდა და რესპუბლიკელთა რიგებში დაწინაურდა კიდეც. ის ყოფილი პრეზიდენტის თავიდან არჩევას მხარს უჭერდა მანამდეც, სანამ დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო და პრაიმერების დროსაც აქტიურად გულშემატკივრობდა. არჩეულ პრეზიდენტს ის აქტიურად იცავდა იმპიჩმენტთან დაკავშირებული გამოძიებებისას და სხვა სასამართლო საქმეებზეც მის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდა.