მაშინ, როდესაც მსოფლიო ახალ კორონავირუსს კოვიდ-19-ის ეპიდემიას უწოდებს, ამერიკის პრეზიდენტი დონald ტრამპი თვეების განმავლობაში მოიხსენიებდა მას, როგორც "ჩინურ ვირუსს", მისი წარმოშობის ადგილიდნ გამომდინარე. თუმცა ჩინური მხარის უკმაყოფილებისა და კრიტიკის შემდეგ პრეზიდენტმა ამ ტერმინის გამოყენება შეწყვიტა.
ამავე დროს, ტაივანის ხელისუფლების წარმომადგენლები და საჯარო პირები, ისევე როგორც მედიასაშუალებები, აგრძელებენ ტერმინ "ვუჰანის პნევმონიის" გამოყენებას. ეპიდემიამ სწორედ ჩინეთის ქალაქ ვუჰანში იფეთქა.
ანალიტიკოსების აზრით ტაივანსა და ჩინეთს შორის აქამდეც არსებულ დაძაბულობაში ამან შეიძლება დამატებითი წვლილი შეიტანოს. "ურთიერთობები ორ მხარეს შორის კოვიდ-19-ის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა", - ამბობს ჩაო ჩინ-მინი, ტაიპეის ჩინეთის კულტურის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების სკოლის დეკანი. "ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული ტერმინის გამოყენება სხვების მიმართ არამეგობრულ განწყობას ქმნის", - ამბობს ის.
თუმცა ტაივანის მედიაში ვირუსის შესახებ ცნობები ამგვარი სახელით ჯერ კიდევ მაშინ ვრცელდებოდა, როცა ის მხოლოდ ჩინეთში და ვუჰანის პროვინციაში იყო დაფიქსირებული. ამასთან, ოფიციალური სახელწოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მხოლოდ თებერვლის შუა რიცხვებში გამოაცხადა.
პრეზიდენტი ტრამპი არაერთხელ გააკრიტიკეს "ჩინური ვირუსის" ხსენების გამო და მან ვირუსის ამგვარი მოხსენიება მხოლოდ მარტის ბოლოს შეწყვიტა, როდესაც მან თქვა, რომ არ შეიძლება ვირუსის გავრცელებაში წარმოშობით აზიელი ამერიკელები დაადანაშაულონ.