საგარეო პოლიტიკის საკითხები ტრამპის მიმართვაში

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერისადმი მიმართვის საგარეო პოლიტიკის ნაწილში ისაუბრა იმ კონფლიქტების დასრულებაზე, სადაც ამერიკული ჯარი წლების განმავლობაში იბრძოდა და იმის არდაშვებაზე, რასაც ის გარდაუვალ მომავალ კონფლიქტებად ხედავს, თუ მისი ადმინისტრაცია პოლიტიკურ ზომებს არ მიიღებს.

ტრამპმა აღნიშნა უზარმაზარი ხარჯები ავღანეთის და ერაყის ომებში, რომელმაც 2001 წლიდან თითქმის 7 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე შეიწირა.

მან თქვა, რომ ავღანეთში ამდენი წლის ბრძოლის შემდეგ, „სულ ცოტა მშვიდობის დამყარების მცდელობის“ დრო დადგა. მან თქვა, რომ თალიბანსაც იგივე სურს.

მან ასევე ამერიკული ძალების სირიიდან გამოყვანის ბრძანება გასცა, სადაც ჯარი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ გასადევნად იბრძოდა მას შემდეგ, რაც 2014 წელს, ამ შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ჩრდილოეთ ერაყის და აღმოსავლეთ სირიის დიდი ტერიტორიები დაიპყრო.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ სურს 27 თებერვალს, ვიეტნამში ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეხვდეს და ყურადღება ამ ქვეყნის მიმართ „თამამი ახალი დიპლომატიის“ წარმატებაზე გაამახვილა.

ირანის მიმართ მისი რიტორიკა ბევრად უფრო მკაცრი იყო. თავის მიმართვაში მან თქვა: „ჩემმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ტერორის წამყვანი სპონსორი სახელმწიფოს, ირანის რადიკალური რეჟიმის წინააღმდეგ გადაჭრით იმოქმედა, ის რადიკალური რეჟიმია, ისინი ცუდ, ცუდ საქმეებს სჩადიან.“

გასულ კვირაში, ტრამპმა ბირთვულ იარაღზე რუსეთთან 30 წლის წინ დადებული ხელშეკრულებიდან გამოსვლის შესახებ გამოაცხადა. ტრამპმა მიმართვაში მიანიშნა, რომ შესაძლებელია ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები გაიმართოს, რომელშიც ბირთვული იარაღის მქონე სხვა ქვეყნებიც, მათ შორის ჩინეთი, ჩაერთვებიან. მან თქვა, რომ ასეთი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში „ყველაზე მეტ ხარჯებს გავწვდებით და ყველაზე მეტ სიახლეს შევქმნით.

მიმართვაში ტრამპმა ვენესუელის ხალხისადმი თანადგომაც გამოხატა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები მხარს ხუან გუაიდოს უჭერს.

პრეზიდენტის მიმართვაში ჩინეთმა ბევრად ნაკლები ადგილი დაიკავა და ეკონომიკური კონფლიქტის საკითხით შემოიფარგლა.

პრეზიდენტმა კონგრესის გაერთიანებულ სესიას კონკრეტული კანონის მიღება სთხოვა, რომელიც ამერიკულ საქონელზე ტარიფის დამწესებელი ქვეყნის შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ საქონელზე, მის თანაბარ ტარიფს დააწესებს.

მისი ეკონომიკური ყურადღების ცენტრში იყო ასევე მეზობლები-კანადა და მექსიკა. ამ ქვეყნებთან ახალი სავაჭრო შეთანხმება ჯერ დამტკიცებული არ არის, მაგრამ მიმართვაში ტრამპმა თქვა, რომ ის შეერთებული შტატების სამრეწველო სექტორში და ავტომშენებლობაში სამუშაო ადგილებს გაზრდის, დაეხმარება აგროსექტორსაც და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ფუნქციაც ექნება.