მედია: მაიკ უოლცი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი იქნება

რესპუბლიკელი კანონმდებელი მაიკ უოლცი სავარაუდოდ წარმომადგენელთა პალატიდან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით უოლცს ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობა შესთავაზა.

უოლცი დონალდ ტრამპის მხარდამჭერია და ის წლების განმავლობაში ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა. მას აქვს პოლკოვნიკის წოდება.

საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობის დროს უოლცი ხშირად აკრიტიკებდა ჩინეთს და საუბრობდა მზარდ საფრთხეებზე აზიაში. მისი აზრით ამერიკის შეერთებული შტატები მზად უნდა იყოს რეგიონში პოტენციური კონფლიქტისთვის.

ასევე ნახეთ: სენატს რესპუბლიკელები გააკონტროლებენ - ვინ იქნება უმრავლესობის ლიდერი?

ცნობილია უოლცის პოზიცია უკრაინაში რუსეთის ომთან მიმართებაშიც. ის 2022 წელს ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებდა მიეწოდებინა მეტი ამუნიცია და შეიარაღება კიევისთვის, რათა უკრაინელებს აეძულებინათ რუსები უკან დაეხიათ. უცნობია თუ როგორია დღეს მისი დამოკიდებულება მიმდინარე ომთან მიმართებაში.

იმისათვის, რომ უოლცმა ტრამპის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობა დაიკავოს, მას არ სჭირდება სენატის მხარდაჭერა.

ასევე ნახეთ: ტრამპმა "საზღვრის მეფედ" ტომ ჰომენი გამოაცხადა

ამ დროისთვის, ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ საუბრობს დეტალებზე მისი კაბინეტის შესახებ. უშუალოდ მის მიერ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის აპარატს, პირველად ქალი სიუზი უაილსი უხელმძღვანელებს. უაილსი ტრამპის კამპანიის ხელმძღვანელი იყო. ასევე ცნობილია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში "საზღვრით მეფე" ტომ ჰომენი იქნება.

არსებობს მოლოდინი, რომ 13 ნოემბერს, როცა დონალდ ტრამპი 2021 წლის შემდეგ პირველად გამოჩნდება თეთრ სახლში, დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი, იმის შესახებ თუ როგორ დაკომპლექტდება მისი ახალი კაბინეტი.