ტრამპი ამბობს, რომ პუტინთან აშშ-ის დაზვერვის ცნობები არ განუხილავს

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მას ვლადიმირ პუტინისთვის არასდროს უკითხავს აშშ-ის დაზვერვის სააგენტოების მიერ გამოქვეყნებული იმ ანგარიშის შესახებ, რომლის თანახმადაც, მოსკოვი თალიბანს ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მკვლელობისთვის ფულს უხდიდა.

პრეზიდენტმა თქვა, რომ სანამ ეს ცნობები ივნისის ბოლოს მედიაში არ გავრცელდა, მისთვის დაზვერვის სააგენტოების ხელმძღვანელებს თავიანთი მიგნებების თაობაზე არ მოუხსენებიათ, თავად კი ინფორმაციის მართებულობაში ეჭვი ეპარება. ამის შესახებ მან HBO-ზე გამოცემა "აქსიოსთან" ინტერვიუს დროს ისაუბრა. ამ ინტერვიუს ნაწილები ოთხშაბათს გავრცელდა, თუმცა სრული ინტერვიუ ეთერში ორშაბათს გავა.

ასევე ნახეთ: ტრამპი: ამერიკელების მოკვლისთვის რუსეთის მიერ ჯილდოს დაწესებაზე ჩემთვის არავის უთქვამს


ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ განიხილა მან ეს საკითხი ვლადიმირ პუტინთან გასულ ხუთშაბათს გამართული სატელეფონო ზარისას, ტრამპმა უპასუხა: "ის ზარი სხვა საკითხების განსახილველად იყო და სიმართლე გითხრათ, ამ საკითხზე ბევრი ამბობს, რომ ეს ყალბი ცნობებია", - თქვა ტრამპმა და განმარტა, რომ რუს კოლეგასთან მან ბირთვული განიარაღების საკითხებზე ისაუბრა.

კონგრესის დემოკრატი წევრები პრეზიდენტს ადანაშაულებენ, რომ ის დაზვერვის ინფორმაციას ამერიკელი ჯარისკაცების სიკვდილის მიზეზის შესახებ საკმარისად სერიოზულად არ იღებს. ისინი დაზვერვის სააგენტოებისა და თეთრი სახლისგან მეტი ინფორმაციის მიღებას ცდილობენ.

პრეზიდენტის მრჩეველი კი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რობერტ ობრაიენი ამბობს, რომ პრეზიდენტისთვის ამ ანგარიშების შესახებ არ მოუხსენებიათ, რადგან დაზვერვის ეროვნული სააგენტოს იმ წარმომადგენელმა, რომელიც პრეზიდენტისთვის ცნობების მიწოდებაზეა პასუხისმგებელი, ინფორმაცია საკმარისად დადასტურებულად არ მიიჩნია.

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლები არ უარყოფენ, რომ ეს ინფორმაცია პრეზიდენტისთვის ყოველდღიურად მიწოდებულ და ეროვნული უსაფრთხოების შესახებ საიდუმლო ცნობებს შორის იყო. ზოგიერთი გამოცემა იმასაც წერს, რომ ეს ინფორმაცია პრეზიდეტს თებერვალშიც მიეწოდა, თუმცა ის მას შესაძლოა არ გასცნობია. "აქსიოსთან" ინტერვიუში პრეზიდენტმა თქვა, რომ ის ყოველდღიურ მოხსენებებს და ცნობების ნაკრებს ეცნობა და "ბევრს კითხულობს".

ტრამპი ინტერვიუს დროს ამბობს, რომ დაზვერვის სამსახურები ამ ანგარიშს არასანდოდ მიიჩნევდნენ და ამის გამო მას კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამს.

ასევე ნახეთ: თეთრი სახლი ამერიკის დაზვერვას ინფორმაციის გაჟონვაში ადანაშაულებს


გამოცემა "აქსიოსის" თანახმად, ამ ცნობების მიღების შემდეგ პრეზიდენტი ტრამპი რუს კოლეგას სულ მცირე 8-ჯერ ესაუბრა. თუმცა დონალდ ტრამპი იმეორებს, რომ დაზვერვის სამსახურები ამ ცნობებს ეჭვით უყურებენ. თუმცა მის მართებულობას 4 ამერიკული და ევროპული წყარო ადასტურებს. ივნისში "ნიუ-იორკ თაიმსის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის დაზვერვის სამსახურები "თალიბანის" მებრძოლებს თითო ამერიკელი ან გაერთიანებული ძალების ჯარისკაცის მოკვლისთვის 100 000 აშშ დოლარს სთავაზობდა.