ამერიკამ თურქეთს სირიაში განხორციელებული ქმედებების გამო, ორშაბათს სანქციები დაუწესა. თუმცა, თურქეთის მხრიდან, ამ სანქციებზე რეაქცია არ ჰქონია.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა ამერიკელი ჯარისკაცების სირიიდან გაყვანის ბრძანება გასცა, სირიის არმია, რუსეთის ძალების მხარდაჭერით, სტრატეგიულად ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქში შევიდა და ამერიკული ჯარის მიერ დატოვებული ვაკუუმი შეავსო. თურქული ლირა რეალურად გაძვირდა, ვაჭრობის სფეროში ჩართული თურქები კი ამბობენ, რომ ტრამპმა თურქული ბანკები ფაქტიურად, სასჯელისგან გაათავისუფლა.
წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი ლიდერი ნენსი პელოსი ამბობს, რომ თურქეთის მიმართ დაწესებული სანქციები დაგვიანებული და რეალურ ძალას მოკლებულია. "მისი განცხადება თურქეთის მიმართ სანქციების პაკეტის თაობაზე, ამ ჰუმანიტარულ კატასტროფას ვერ შეაჩერებს და პროცესს უკან ვერ შემოაბრუნებს".
ერთი კვირის წინ, თურქ კოლეგასთან სატელფონო საუბრის შემდეგ, ტრამპის მოულოდნელი გადაწყვეტილება, აღარ დაეცვა სირიელი ქურთი მოკავშირეები და სირიიდან გაეყვანა ამერიკული ჯარები, ბოლო 5 წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში ამერიკის პოლიტიკაში რადიკალური ცვლილებას წარმოადგენს. ამან ვაშინგტონის რამდენიმე მეტოქეს ფაქტიურად, რეგიონში მოქმედების თავისუფლება მისცა.
პრეზიდენტი ტრამპი სირიიდან ჯარების გამოყვანაზე აქამდეც საუბრობდა, თუმცა ანალიტიკოსები ყურადღებას უფრო ძალების ეტაპობრივი გამოყვანის საჭიროებაზე ამახვილებდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ სირიაში "ძალთა ვაკუუმის" შექმნა და ამერიკის მიერ ამ სივრცის სრულად დატოვება შესაძლოა ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ძალების აღდგენის, ან სხვა ქვეყნების მიერ ამ ვაკუუმის შევსების საშუალება გამხდარიყო. პრეზიდენტის გადაწყვეტილება რამდენიმე წამყვანმა რესპუბლიკელმა კანონმდებელმაც გააკრიტიკა და ეს სირიელი ქურთების, ამ ომში ამერიკის უმთავრესი მოკავშირეების, ღალატად მიიჩნია.
შეერთებულმა შტატებმა კვირას განაცხადა, რომ 1000-მდე შეიარაღებული პირი, სრული სამხედრო ნაწილი, რომელიც ამ დრომდე სირიაში იყო, ქვეყანას ტოვებს. სირიელმა ქურთებმა, რომლებიც მანამდე ამერიკელთა მხარდამხარ იბრძოდნენ, დაუყოვნებლივ მიაღწიეს შეთანხმებას სირიის მთავრობასთან და მათ მიერ აქამდე კონტროლირებად ტერიტორიებზე მთავრობის ძალები შეუშვეს. ამ უკანასკნელთ კი რუსეთი უმაგრებს ზურგს.
ქურთი მეომრების მიერ კონტროლირებულ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი - ქალაქი მანბიჯი იყო. მდინარე ევფრატის დასავლეთით მდებარე ქალაქის აღებას თურქეთი დიდი ხანია გეგმავდა. თუმცა, სირიელი ქურთებისა და ამერიკელების ერთობლივი პატრულირება ქალაქს ამ დრომდე თავდასხმისგან იცავდა. სირიის მთავრობის ძალებმა კი ამერიკელთა გასვლის შემდეგ გათავისუფლებული სივრცე სწრაფად დაიკავეს. სახელმწიფო ტელევიზიამ გადასცა კადრები, რომელშიც მათივე თქმით, ჩანს, როგორ იკავებენ ისინი ქალაქს. ამავე დროს, ის სირიელი მებრძოლები, რომლებსაც თურქეთი უჭერს მხარს, ამბობენ, რომ მანბიჯისკენ სვლას განაგრძობენ.
თურქეთი პირობას დებს, რომ სირიელ ქურთებს დაამარცხებს, ის მათ თურქეთში მცხოვრები ქურთების მსგავსად, ტერორისტებად მოიხსენიებს. ამავე დროს ანკარა ამბობს, რომ "უსაფრთხო ზონას" შექმნის, სადაც მილიონობით სირიელ ლტოლვილს დასახლების საშუალება მიეცემა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო დღეების განმავლობაში, თურქეთის შეიარაღებული ძალების დაწინაურების შემდეგ, 160 000-მდე ადამიანს საკუთარი საცხოვრებულის დატოვება მოუხდა. ქურთების მიერ გავრცელებული ცნობებით კი ეს ციფრი, ბევრად მეტია და 270 000-ს აღწევს.