შეერთებული შტატების პრეზიდენტი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის აივანზე ნიღაბი დემონსტრატიულად, კამერების წინ მოიხსნა და შენობაში ისე შევიდა. მანამდე კი, დონალდ ტრამპმა "ტვიტერზე" ამერიკელებს მოუწოდა, არ შეუშინდნენ კოვიდ-19-ს, დაავადებას, რომლის გართულებებით ამერიკაში თითქმის 210 000 ადამიანი გარდაიცვალა.
"არ შეგეშინდეთ კოვიდის. ნუ მისცემთ მას უფლებას თქვენს ცხოვრებაზე დომინირების" - დაწერა "ტვიტერზე" 74 წლის პრეზიდენტმა საავადმყოფოდან წასვლამდე. დონალდ ტრამპის თქმით, ის თავს ახლა უფრო უკეთ გრძნობს, ვიდრე 20 წლის წინ.
პრეზიდენტ ტრამპს კოვიდ-19-ის დიაგნოზი პარასკევს დაუსვეს. მან სამი დღე მერილენდის შტატის ქალაქ ბეტესდაში, უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში გაატარა, სადაც მას ინტენსიურ მკურნალობას უტარებდნენ.
შონ კონლიმ, მისმა ექიმმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მონიტორინგი თეთრ სახლში გაგრძელდება. თუმცა, მან ისიც აღნიშნა, რომ ტრამპის ჯანმრთელობისთვის შექმნილი საფრთხე ჯერ შეიძლება, ბოლომდე გასული არ იყოს.
ასევე ნახეთ: პრეზიდენტი ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდაპრეზიდენტს საავადმყოფოში სტეროიდ "დექსამეტაზონით" მკურნალობენ, რომელიც კოვიდ-19-ით დაავადებულ მძიმე პაციენტებს ენიშნება. ტრამპს ასევე უსხამენ "რემდესივირს". ეს უკანასკნელი დაავადების დასაწყისში ინიშნება და პროტოკოლით, ხუთდღიან მკურნალობას მოიცავს.
პრეზიდენტს ასევე მისცეს ექსპერიმენტული პრეპარატი, რომელიც საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციას ჯერ არ დაუმტკიცებია. ეს არის "რეჯენერონი", პოლიკლონური ანტისხეულების ე.წ. კოქტეილი.
ასევე ნახეთ: სხვადასხვა გზავნილები ტრამპის ჯანმრთელობაზეანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მიღებული გამოცდილების მიუხედავად, პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიისთვის დარჩენილ დროში, კვლავ აგრძელებს ვირუსული პანდემიის ნაკლებად მნიშვნელოვნად წარმოჩენას. ის ხშირად საჯაროდ დასცინოდა ოპონენტ ჯო ბაიდენს ნიღბის ტარების გამო.
შეერთებულ შტატებში საყოველთაო არჩევნების ოფიციალური თარიღი 3 ნოემბერია. თუმცა, ნაადრევი კენჭისყრა უკვე დაიწყო და საარჩევნო ოლქების მონაცემებით, მოსალოდნელია, რომ პანდემიის გამო, ელექტორატის თითქმის ნახევარი ხმას ადრე მისცემს, ან ფოსტით, ან უბანზე ფიზიკურად მისვლით.
კოვიდ-19-ზე ანალიზს სისტემატურად იღებს რესპუბლიკელი პრეზიდენტის დემოკრატი ოპონენტი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი. მიმდინარე თვეში საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ორი დებატებია ჩანიშნული, 15 და 22 ოქტომბერს. პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ ის ავადმყოფობის მიუხედავად, შემდეგ დებატებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.
ასევე ნახეთ: ჯო ბაიდენი პრეზიდენტს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებსკიდევ ერთი დებატებია დაგეგმილი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის. ხვალ, 7 ოქტომბერს, ერთმანეთს რესპუბლიკელი მაიკ პენსი, მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი და დემოკრატი სენატორი, კამალა ჰარისი დაუპირისპირდებიან. დებატების მოდერატორი იქნება სიუზან ფეიჯი (USA Today).
დებატების ორგანიზატორი, ტრადიციულად, შეერთებული შტატების საპრეზიდენტო დებატების კომისიაა. კომისიის ორპარტიული საბჭოს გადაწყვეტილებით, ვიცე-პრეზიდენტების დებატებში 9 სეგმენტი იქნება, რომელთაგან თითოეულს 10-10 წუთი დაეთმობა.
ასევე ნახეთ: დებატები, რომელიც შესაძლოა უშედეგოდ დასრულდა