ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სხვადასხვა გზავნილები ტრამპის ჯანმრთელობაზე


შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება და ის შესაძლოა ორშაბათს საავადმყოფოდან გამოწერონ - ასეთი განცხადება გააკეთეს კვირას მისმა პირადმა ექიმება. თუმცა, დანიშნული მკურნალობის და მედიკამენტების მიხედვით, სხვა, გარეშე ექიმები ფიქრობენ, რომ დონალდ ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება ჯერ კიდევ მძიმე იყოს.

პრეზიდენტ ტრამპს ორჯერ ჰქონდა ჟანგბადის უკმარისობა. მას სტეროიდ "დექსამეტაზონით" მკურნალობენ, რომელიც მძიმე ავადმყოფებს ენიშნება. ტრამპს ასევე უსხამენ "რემდესივირს". ეს უკანასკნელი დაავადების დასაწყისში ინიშნება და პროტოკოლით, ხუთდღიან მკურნალობას მოიცავს. პრეზიდენტს ასევე გადაუსხეს პოლიკლონური ანტისხეულების ე.წ. კოქტეილი.

კვირას პრეზიდენტმა კოვიდ-19-ის კარანტინი დაარღვია. მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, ის საავტომობილო ესკორტით უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრის ტერიტორიიდან გავიდა და იქვე მდებარე ქუჩაზე მდგარ ამერიკელებს მანქანიდან მიესალმა.

პრეზიდენტს ნიღაბი ეკეთა და მანქანაში უკან იჯდა, წინ კი საიდუმლო სამსახურის ორი თანამშრომელი იყო, რომელთაც ნიღბები და ფარები ეკეთათ. "ეს ძალიან საინტერესო თავგადასავალია. ბევრი რამ ვისწავლე კოვიდზე" - თქვა მან თავის "ტვიტერის" გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

პანდემიამ შეერთებულ შტატებში 7.4 მილიონი ამერიკელი დააინფიცირა. კოვიდ-19-ის გართულებებით ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 209 000-ს აღემატება. ინფიცირებულთა შორის თეთრ სახლის თანამშრომლები და მიწვეული სტუმრებიც არიან, რომლებიც უზენაესი სასამართლოს ახალი კანდიდატის - ემი კონი ბარეტის - ნომინაციის საზეიმო პრეზენტაციას ესწრებოდნენ. კანდიდატის წარდგენის ცერემონიაზე დამსწრეების უმეტესობას ნიღაბი არ ეკეთა.

პრეზიდენტ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება, სავარაუდოდ წინასაარჩევნო პროცესში მეტ სიცხადეს შეიტანს. საყოველთაო არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლებ დროში დონალდ ტრამპის, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის ავადმყოფობა, ამომრჩევლებში ერთგვარ დაბნეულობას იწვევს.

ასაკი და ჭარბი წონა 74 წლის პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. კოვიდ-19-ზე ტესტს, პრეზიდენტ ტრამპთან სამშაბათს გამართული დებატების შემდეგ, სისტემატურად იღებს ჯო ბაიდენიც, ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და ტრამპის დემოკრატი ოპონენტი. 77 წლის ბაიდენის ანალიზის პასუხი განმეორებით უარყოფითია.

კვირას "როიტერის" და "იფსოსის" ერთობლივი გამოკითხვა კვლავ ბაიდენის უპირატესობას აჩვენებს. რეიტინგებში დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატი ამჯერად 10 პროცენტითაა წინ. გამოკითხული ამერიკელების დაახლოებით 65 პროცენტი თვლის, რომ ტრამპი ახალი კორონავირუსით არ დაინფიცირდებოდა, ის რომ ვირუსს უფრო სერიოზულად აღიქვამდეს.

ამ ეტაპზე უცნობი რჩება 3 ნოემბრის არჩევნებამდე დაგეგმილი ორი საპრეზიდენტო დებატების ბედი. თუმცა, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთა დებატები. ის განრიგის მიხედვით გაიმართება და ერთმანეთს ორ დღეში, 7 ოქტომბერს, მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და დემოკრატი სენატორი კამალა ჰარისი დაუპირისპირდებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG