მიუხედავად იმისა, რომ სენატმა ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბოხების წაქეზების ბრალდებებზე უდანაშაულოდ ცნო, მისი პოლიტიკური კაპიტალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
შაბათს სენატში კენჭისყრიდან სულ რამდენიმე წუთის შემდეგ, როდესაც 57 ხმით 43-ის წინააღმდეგ სენატმა ტრამპის გამტყუნებას მისცა ხმა, მაგრამ ამისთვის საჭირო 67 ხმის შეგროვება ვერ შეძლო, ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ პოლიტიკური ცხოვრება არ დაუსრულებია. პრეზიდენტს ღიად არ მიუნიშნებია, რომ შესაძლოა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სცადოს, როგორც გასულ თვეში მიანიშნა, როდესაც თეთრი სახლი დატოვა.
ასევე ნახეთ: სენატმა ტრამპი უდანაშაულოდ ცნო, ვაშინგტონში იმპიჩმენტის პროცესი დასრულდა
ტრამპმა მის წინააღმდეგ მიმართულ იმპიჩმენტის საქმეს უწოდა “ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი კუდიანებზე ნადირობის კიდევ ერთი ფაზა. არცერთ პრეზიდენტს ასეთი რამ არ განუცდია”.
მან იქვე დაამატა: “ ეს მხოლოდ დასაწყისია ჩვენი ისტორიული, პატრიოტული და მშვენიერი მოძრაობის: დავუბრუნოთ ამერიკას სიდიადე. მომავალ თვეებში თქვენთან ბევრი რამ მაქვს გასაზიარებელი და ვგეგმავ თქვენთან ერთად გავაგრძელო წარმოუდგენელი გზა იმისთვის, რომ მთელი ჩვენი ხალხისთვის ამერიკის სიდიადეს მივაღწიოთ.”
ტრამპის ერთ-ერთმა რესპუბლიკელმა მხარდამჭერმა, სენატორმა ლინდსი გრემმა “ფოქს ნიუსს” უთხრა, რომ სენატში საიმპიჩმენტო გარჩევის შემდეგ შეერთებული შტატების ყოფილ ლიდერს ესაუბრა და ტრამპი “მზად არის პარტიის მშენებლობა დაიწყოს”, რათა 2022 წლის არჩევნებში, ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის შუა პერიოდში, კონგრესის ორივე პალატაში დემოკრატებისგან კონტროლის გადაბარება სცადოს.
“თუ გამარჯვება გსურს, პრეზიდენტ ტრამპთან ერთად უნდა იმუშაო, ტრამპის მოძრაობა ცოცხალია და თავს მშვენივრად გრძნობს. რესპუბლიკური პარტიის ყველაზე ქმედუნარიანი ძალა დონალდ ტრამპია”, თქვა გრემმა.
მერილენდის გუბერნატორმა ლარი ჰოგანმა, ტრამპის რესპუბლიკელმა კრიტიკოსმა“სი-ენ-ენს" უთხრა: “მომავალი ორი წლის განმავლობაში რესპუბლიკური პარტიის სულისთვის ნამდვილი ბრძოლა მოგვიწევს.
ასევე ნახეთ: ამერიკელების უმეტესობას სჯერა, რომ ტრამპი კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ნაწილობრივ დამნაშავეაეროვნული გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბევრი რესპუბლიკელი ტრამპის მხარდაჭერას აგრძელებს, მაგრამ ჰოგანმა თქვა: “ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ეს შეიცვლება. ბაიდენის ადმინისტრაცია ჯერ მხოლოდ ერთი თვეა, რაც ხელისუფლებაშია. ვფიქრობ დონალდ ტრამპის და რესპუბლიკური პარტიის გზის შესახებ ბოლო თავი ჯერ არ დაწერილა.”
კიდევ ერთი რესპუბლიკელი სამხრეთ კაროლინიდან, ნიკი ჰეილი, რომელიც ტრამპმა გაეროში ელჩად მიავლინა, გასულ კვირაში ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოვიდა, თუმცა გრემმა თქვა რომ ჰეილის შეფასებები მცდარია.
ჰეილიმ, რომელიც 2024 წლის არჩევნებში შესაძლო რესპუბლიკელი კანდიდატია, ტრამპის შესახებ თქვა: “უნდა ვაღიაროთ, რომ მან დაგვაღალატა. ისეთი გზა არჩია, რომელიც არ უნდა აერჩია და ჩვენ მას არ უნდა გავყოლოდით, მისთვის არ უნდა მოგვესმინა და ასეთი რამის კვლავ დაშვება არ შეიძლება.”
დემოკრატი სენატორი ემი კლობუჩარი არ ფიქრობს, რომ ტრამპი რესპუბლიკურ პარტიაში საკვანძო მოთამაშედ დარჩება.
სენატის უმცირესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა, რომელმაც ხმა ტრამპის გამართლებას მისცა, რადგან სჯეროდა, რომ სენატს უფლება არ ჰქონდა ტრამპის საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ მისი გასამართლება მოეხდინა, თქვა, რომ ტრამპი “მომხდარ მოვლენებზე პრაქტიკულად და მორალურად პასუხისმგებელი იყო. ადამიანებს, რომლებიც ამ შენობაში შემოიჭრნენ, სჯეროდათ, რომ თავისი პრეზიდენტის სურვილების და მითითებების თანახმად მოქმედებდნენ.
Your browser doesn’t support HTML5
სენატორმა ლისა მურკოვსკიმ ალასკიდან, ერთ-ერთმა იმ შვიდი რესპუბლიკელიდან, ვინც ხმა ტრამპის გამტყუნებას მისცა, კვირას გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა: “თუ თვეების განმავლობაში სიცრუე, კონგრესის მუშაობის ჩაშლის მცდელობისთვის მხარდამჭერების გამოსვლების ორგანიზება, კაპიტოლიუმისკენ წასვლისთვის ბრბოს წაქეზება და ძალადობის დაწყების შემდეგ მის შესაჩერებლად არსებითად არაფრის გაკეთება, იმპიჩმენტს, დასჯას და შეერთებულ შტატებში არჩევითი თანამდებობის დაკავებისთვის დისკვალიფიკაციას არ იმსახურებს, მაშინ ვერ წარმომიდგენია ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს.”