"ასოშეიტედ პრესის" და საზოგადოებასთან ურთიერთობის კვლევის ცენტრის (NORC) მიერ ჩატარებული უახლესი გამოკითხვის მიხედვით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რეიტინგი გაიზარდა. დღეს შეერთებული შტატების ლიდერი ამერიკელების 42 პროცენტს მოსწონს.
პრეზიდენტი ჯერ კიდევ არ მოსწონს გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობას, 58 პროცენტს. გამოკითხვის მიხედვით, მზარდი ეკონომიკა და საგადასახადო რეფორმა ის ორი მთავარი ფაქტორია, რამაც პრეზიდენტ ტრამპის რეიტინგების ზრდა გამოიწვია.
გამოკითხული ამერიკელების 47 პროცენტი ამბობს, რომ მათ მოსწონთ ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკა. ეს ის სფეროა, რომელშიც პრეზიდენტის პოპულარობის რეიტინგი ყველაზე მაღალია. ახალ საგადასახადო პოლიტიკას მოსახლეობის 46 პროცენტი ემხრობა.