შეერთებული შტატების და რუსეთის ლიდერებს შორის დღეს სატელეფონო საუბარი იგეგმება. დონალდ ტრამპს და ვლადიმირ პუტინს მას შემდეგ არ უსაუბრიათ, რაც მოსკოვმა გასულ თვეში ვაშინგტონის მიერ სირიაში განხორციელებული იერიში დაგმო.
არც თეთრი სახლის და არც კრემლის წარმომადგენლები საუბრის მთავარ თემებს არ აკონკრეტებენ. სავარაუდოდ, პრეზიდენტები სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომს და რუსეთის მიერ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერის გაგრძელებას განიხილავენ.
ორ ლიდერს შორის ეს რიგით მესამე სატელეფონო საუბარი იქნება მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო. მათი პირველი საუბარი იანვარში, ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციდან ერთი კვირის შემდეგ შედგა. მეორედ კი ტრამპმა და პუტინმა რუსეთში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ ისაუბრეს.