პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს სტიქიით უკიდურესად დაზარალებულ პუერტო-რიკოში ჩავიდა, რომელსაც სექტემბერში ზედიზედ ორი მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი დაატყდა თავს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი კუნძულზე მიმდინარე აღდგენით და დახმარების სამუშაოებს შეამოწმებს.
ტრამპი შეხვდება პუერტო-რიკოს გუბერნატორს რიკარდო როსელოს, დასახმარებლად ჩასულ სამხედრო პერსონალს და ასევე ქარიშხლებით, თუ წყალდიდობებით დაზარალებულ მოსახლეობას. პრეზიდენტი მოლაპარაკებას გამართავს სტიქიით დაზარალებული ვირჯინის კუნძულების გუბერნატორ კენეტ მეპთანაც.
შეერთებული შტატების ლიდერს პუერტო-რიკოში მომხდარ სტიქიურ უბედურებაზე დაგვიანებული რეაქციისთვის აკრიტიკებენ. შტორმიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ, კუნძულის ნახევარს წყალი ჯერ კიდევ არ მიეწოდება. გუბერნატორ როსელოს თქმით, მას იმედი აქვს, რომ ოქტომბრის ბოლოსთვის დენი კუნძულის 25 პროცენტს მაინც ექნება.