ტრამპი: ჩრდილოეთ კორეა გამდიდრდება, თუ ბირთვულ პროგრამას დათმობს

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეა "ძალიან მდიდარი იქნება", კიმ ჩენ უნის შთამომავლობას კი ძალაუფლების "ადეკვატური" შენარჩუნების მეტი გარანტია ექნებათ. ოღონდ, ტრამპის თქმით, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ისინი ბირთვულ იარაღზე უარს იტყვიან.

რამდენიმე დღის წინ ფხენიანმა განაცხადა, რომ ამერიკის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების ივნისში დაგეგმილი უმაღლესი დონის შეხვედრა შესაძლოა აღარ შედგეს, სამხრეთ კორეაში გამართული სამხედრო წვრთნების გამო, რომელშიც შეერთებული შტატებიც მონაწილეობს. ამასთან დაკავშირებით ხუთშაბათს, ოვალურ ოფისში, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ "შესაძლოა, კიმ ჩენ უნზე ჩინეთის პრეზიდენტი ახდენდეს გავლენას". ჩინეთის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს შორის ახლახან მეორე შეხვედრა გაიმართა.

პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ შეხვედრისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ძველებურად გრძელდება. "ისინი ისე იქცევიან, თითქოს არაფერი მომხდარა", ამბობს ტრამპი. თეთრი სახლის პრეს-სპიკერიც ადასტურებს, რომ "არაფერი შეცვლილა" და აცხადებს, რომ შეხვედრა ამერიკისა და ჩრდილო კორეის ლიდერებს შორის შედგება. ამ საკითხს დონალდ ტრამპი მომავალ კვირას, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ვიზიტის დროსაც განიხილავს.