რა ტაქტიკას ირჩევს ტრამპი ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებში?

მართალია შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ უნს პირისპირ არ შეხვდება, თუმცა მოგვიანებით ტრამპმა ასევე მიანიშნა, რომ სინგაპურში დაგეგმილი სამიტი შესაძლოა გეგმის მიხედვით ჩატარდეს.

მსგავს სტრატეგიას ტრამპმა წარსულშიც მიმართა, როცა ირანის ბირთვულ შეთანხმებას ამერიკა გამოეყო. მან მაშინვე დასძინა, რომ მზადაა ირანელებთან „უკეთეს შეთახნმებაზე“ იმუშაოს.

„მათ მოუნდებათ ახალი, გრძელვადიანი შეთანხმება და როცა ეს მოუნდებათ, მე მზად ვიქნები“, თქვა მაშინ პრეზიდენტმა ტრამპმა.

ამ განცხადებამ პოლიტიკურ მიმომხილველებს ტრამპის მიერ პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გამოსვლის დროს გაკეთებული კიდევ ერთი განცხადება გაახსენა. „ჩვენ დავსხდებით და უკეთეს ხელშეკრულებაზე შევთანხმდებით“, თქვა მაშინ ტრამპმა.

მსგავსი შინაარსის განცხადება ბოლოს პრეზიდნეტმა ტრამპმა გასულ ხუთშაბათს გააკეთა,როცა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ უნთან დანიშნული პირისპირ შეხვედრა გააუქმა, თუმცა მოგვიანებით „ტვიტერში“ დაწერა, რომ სინგაპურის სამიტმა, შესაძლოა, გეგმის მიხედვით ჩაიაროს.

ზოგიერთი ექსპერტი ამას ტრამპის „კლასიკურ“ საქციელად მიიჩნევს.

„საერთაშორისო მოლაპარაკებების საკითხს ის, გარკვეულწილად, უძრავი ქონების დეველოპერივით მიუდგა. ის მეტს ითხოვს, მეორე მხარეზე წნეხს ზრდის. იცი, რომ მეორე მხარეს შეთანხმება სჭირდება, ამიტომაც აჩვენებ, თითქოს მოლაპარაკების პროცესიდან გადიხარ და ამით მონაწილეობის ფასს ზრდი“, ამბობს კატოს ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი დაგ ბენდოუ.

თუმცა, მისი თქმით, უძრავი ქონების ბიზნესის ყველა წესი საერთაშორისო პოლიტიკაზე არ ვრცელდება და მოლაპარაკებების სამიზნე მხოლოდ ფული არ არის.

„უძრავი ქონების ბიზნესში, ისევე, როგორც ყველა სხვა ბიზნესში, მთავარია ფული, ყველა მოლაპარაკება მაინც ფულის ირგვლივ მიმდინარეობს“.

ტრამპის ბიოგრაფიის ავტორი გუენდა ბლერი კი ამბობს, რომ საერთასორისო პოლიტიკის მოლაპარაკებებში ბევრი სხვა ფაქტორი და მოთამაშე შემოდის.

„ის უძრავი ქონების ბიზნესში გაიზარდა. ჯერ მამასთან ერთად სამშენებლო პროექტებზე მუშაოდა. თვითონაც იცის რას ნიშნავს შენება. მაგრამ მან არაფერი იცის ჩრდილოეთ კორეაზე, თუმცა, კორეაზე არც არავინ იცის ბევრი რამ“, ამბობს ტრამპის ბიოგრაფი.

ტრამპის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ერთგვარი ლოდინი და გადაწყვეტილების ბოლო წუთას მიღება მისი სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც ამერიკელი ხალხისთვის ხელსაყრელი შეთანხმების მიღწევაა.