შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც ძალაუფლებას 2025 წლის 20 იანვარს გადაიბარებს, სიუზი უაილსი მომავალი საპრეზიდენტო აპარატის უფროსად დაასახელა. უაილსი მისი წარმატებული საპრეზიდენტო კამპანიის მენეჯერია და ამერიკის ისტორიაში პირველი ქალი იქნება, რომელიც თეთრ სახლში ამ გავლენიან პოსტს დაიკავებს.
ტრამპის შიდა წრეებში უაილსის დამსახურებად თვლიან იმას, რომ ტრამპმა წლევანდელი კამპანია ძალზე გათვლილად, სწორად და დისციპლინირებულად ჩაატარა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, კამპანიის მენეჯერი ძირითადად ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა, უარს ამბობდა მედიასთან კომენტარებზე და ტრამპის გამარჯვების შემდეგაც კი უარი თქვა სიტყვით გამოსვლაზე. ის დასაწყისში კამპანიის მენეჯერობაზეც უარს ამბობდა.
ასევე ნახეთ: „უნდა მივიღოთ შედეგი“ - კამალა ჰარისი არჩევნებში მარცხს აღიარებსეს ამერიკის შემდეგი პრეზიდენტის პირველი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რაც მის ადმინისტრაციაში სხვა პოსტებზე ადამიანთა წარდგენაზე დიდ გავლენას იქონიებს. ტრამპს, საკმაოდ დიდი მოცულობის სამთავრობო ჯგუფის დაკომპლექტება, 2 თვეზე ნაკლებ დროში მოუწევს.
უაილსს ფედერალურ მთავრობაში მუშაობის გამოცდილება არ აქვს, მაგრამ ტრამპთან დიდი ხნის განმავლობაში ძალზე ახლო ურთიერთობა აკავშირებდა. როგორც კამპანიის პროცესში ჩართული ადამიანები ამბობენ, არჩეული პრეზიდენტი მას ენდობა და პატივს სცემს.
"სიუზი მომთხოვნია, ჭკვიანი, ინოვატორული და უკლებლივ ყველასგან პატივისცემასა და აღფრთოვანებას იმსახურებს. სიუზი გააგრძელებს დაუღალავ მუშაობას იმისთვის, რომ ამერიკა კვლავ დიადი გახდეს", - განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, "ძალზე დამსახურებული პატივია, გვყავდეს სიუზი, როგორც აპარატის უფროსის პოსტზე პირველი ქალი შეერთებული შტატების ისტორიაში. ეჭვი არ მეპარება, რომ ის ჩვენს ქვეყანას ასახელებს".
უაილსი ფლორიდის შტატში მცხოვრები რესპუბლიკური პარტიის სტრატეგია, რომელიც სათავეში ედგა ტრამპის საარჩევნო კამპანიებს 2016, 2020 და 2024 წლებში. აქედან ორჯერ დონალდ ტრამპმა არჩევნებში გაიმარჯვა. უაილსმა 2018 წელს ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისის საგუბერნატორო კამპანიასაც წარმატებით უხელმძღვანელა, მანამდე კი სენატორ რიკ სკოტის გამარჯვებაში ითამაშა დიდი როლი.