„ჩვენი კედელი ასეთი უსაფრთხო არასდროს ყოფილა... ეს ყველაზე ძლიერი და სრულყოფილი კედელია მთელ დედამიწაზე“ - განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა სამშაბათს, არიზონის შტატში სასაზღვრო კედლის მონახულების დროს. მან საზეიმოდ მოაწერა ხელი მემორიალურ დაფას კედლის ნაწილობრივ განახლებულ 200-მილიან (321.8 კმ.) მონაკვეთზე.
კედლის აშენება მექსიკასთან დაახლოებით 2 000 მილის სიგრძის საზღვარზე, პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. პრეზიდენტს თან ახლდა შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ჩად ვულფი, ასევე საბაჟო და სასაზღვრო დაცვის კომისრის მოვალეობის შემსრულებელი მარკ მორგანი.
„ახალი კედელი ბევრგან ორჯერ იმაზე მაღალია, ვიდრე ადრე იყო, ბევრი მილიც დაემატა იქ, სადაც ადრე არაფერი იყო სამანქანო ბარიერების გარდა, რასაც ზოგი ღობეს ეძახდა“ - ამბობს დევიდ ბიერი, საიმიგრაციო პოლიტიკის ანალიტიკოსი კატოს ინსტიტუტიდან. მისი თქმით, დახვეწის და გაუმჯობესების მიუხედავად, ახლადაგებული კედლებიდან უკვე იყო საზღვრის დარღვევის შემთხვევები, მათზე გადმოძრომის, ან გვერდის ავლის ფაქტები. „სხვათა შორის, 2019 წელს, მთავრობის მიერვე აღრიცხული დამრღვევების რაოდენობა, ვინც მოახერხა შეუმჩნევლად გადმოსვლა, გაიზარდა კიდეც“ - აღნიშნავს ექსპერტი.
პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც ნოემბერში კენჭს თავიდან იყრის და ფართომასშტაბიან საარჩევნო კამპანიაშია ჩართული, ამბობს, რომ წლის ბოლომდე მსგავსი კედლის აშენება საზღვრის 500 მილამდე (თითქმის 760 კმ.) მონაკვეთზე დასრულდება. ამერიკის მთავრობის წყაროების მიხედვით, 2017 წლის იანვრიდან დღემდე კედლის კონსტრუქცია 338 კილომეტრიან ზოლზე აიგო. აქედან მხოლოდ რამდენიმე კილომეტრიანი კედელია ახალი, იქ სადაც ადრე სასაზღვრო კონსტრუქცია არ არსებობდა.
ამ საკითხზე „ამერიკის ხმის“ კითხვაზე პასუხად, მარკ მორგანმა თქვა, რომ ეს „ყალბი პოლიტიკური ნარატივია“. საბაჟო და სასაზღვრო დაცვის კომისრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ „ოპერატიული საზღვრის დაცვის გადასახედიდან, ეს კედლის სისტემების 220 ახალი მილია, რომელიც მიწაშია დაფლული“.