ტრამპის არჩევანი: ამერიკის დაზვერვა, ან რუსეთი

აშშ-ტრამპი

თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯოშ ერნესტი ამბობს, რომ ამერიკის მიერ არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას არჩევანის გაკეთება მოუწევს. ის ან შეერთებული შტატების დაზვერვის სააგენტოებს უნდა დაუდგეს გვერდით, ან რუსეთს და „ვიკილიქსს“.

ჯოშ ერნესტი ვლადიმირ პუტინის ბრალდების შესახებ დასმულ კითხვას პასუხობდა. რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკის ლიდერის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციას, ცრუ ინფორმაციის გავრცელების გზით, მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის ძირის გამოთხრა დააბრალა.

სამშაბათს, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჯოშ ერნესტმა თქვა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დაზვერვას რუსეთთან მიმართებაში „არაკომფორტული“ ინფორმაცია აქვს. მაგრამ, პრესსპიკერის განცხადებით, მომავალ ადმინისტრაციას საბოლოო ჯამში ამ ფაქტთან თვალის გასწორება და პოზიციის დაფიქსირება მოუწევს.

სამშაბათსვე, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკას და რუსეთს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდება. ლავროვის თქმით, სასურველია, ტრამპის წარმომადგენლები ყაზახეთში, სირიის თაობაზე თვის ბოლოს დაგეგმილ მოლაპარაკებებსაც დაესწრონ.