შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის საქმის წარმმართველ, წარმომადგენელთა პალატის კანონმდებლებს და პრეზიდენტის დაცვის გუნდს, დღეს ორ-ორი საათი ჰქონდათ იმისთვის, რომ დასკვნითი არგუმენტები წარმოედგინათ.
პროცესის ფინალი წინასწარ გადაწყვეტილად გამოიყურება, რადგან რესპუბლიკელებს სენატში 53 47-ზე უმრავლესობა აქვთ. ამასთან, არავინ მიანიშნებს იმაზე, რომ პრეზიდენტ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენებისთვის რომელიმე რესპუბლიკელი ხმის მიცემას აპირებს.
წარმომადგენელთა პალატის დემოკრატები მაინც ირწმუნებიან, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, უკრაინას ბაიდენების სქმის გამოძიება მოსთხოვა. დემოკრატები თვლიან, რომ ტრამპმა თანამდებობა ბოროტად გამოიყენა და ამასთან, გამოძიების პროცესში, ხელი შეუშალა კონგრესს იმით, რომ საკუთარი ადმინისტრაციის წევრებს მისცა მითითება, მისი ქმედებების შესახებ ჩვენებები და დოკუმენტები კონგრესისთვის არ წარედგინათ.
ტრამპის ადვოკატები და თვითონ პრეზიდენტი ირწმუნებიან, რომ შეუსაბამო არაფერი მომხდარა და რომ მისი ქმედებები საიმპიჩმენტო დანაშაულის დონეს არ აღწევს.
დღეს, მოგვიანებით, სენატის წევრებს შეეძლებათ სიტყვით გამოსვლა და ოთხშაბათს დანიშნული საბოლოო კენჭისყრის წინ, საკუთარი შეხედულებების წარმოჩენა. წამყვანმა რესპუბლიკელმა სენატორებმა თქვეს, რომ ტრამპის უკრაინისადმი თხოვნა არასწორი იყო, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ წარმომადგენელთა პალატის მიერ წარდგენილ ბრალდებებში ის დამნაშავედ ცნონ.