სენატში დღეს პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის დასრულებას ელიან. რესპუბლიკელი სენატორების მხრიდან პრეზიდენტის ფართო მხარდაჭერის გამო, რომლებიც სენატში უმრავლესობას ფლობენ, ვაშინგტონში მოსალოდნელია დონალდ ტრამპის გამართლება. მას წარმომადგენელთა პალატა ბრალად სდებს ძალაუფლების გადამეტებას და კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლას.
სენატში საქმის მოსმენა თითქმის ორი კვირა გაგრძელდა. სენატორები და წარმომადგენელთა პალატის მიერ მივლენილი იმპიჩმენტის მენეჯერები, რომლებიც პროცესზე პროკურორების როლს ასრულებდნენ, დღეს, ადგილობრივი დროით, შუადღისთვის შეიკრიბებიან და პრეზიდენტ ტრამპის ბრალდებას უყრიან კენჭს.
ტრამპის გადაყენებას 100-წევრიანი სენატის ხმების 2/3 დასჭირდება. მაგრამ, პრეზიდენტის რესპუბლიკურ პარტიას საკანონმდებლო ორგანოში 53 წევრი ჰყავს, დემოკრატებს კი - 47. ტრამპის მხარდაჭერა ამ ეტაპზე უმეტესწილად პარტიულ კუთვნილებას მიჰყვება. ჯერჯერობით არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ რესპუბლიკელების ნაწილი მაინც, მის ბრალეულობას ემხრობოდეს.