შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მექსიკას აფრთხილებს, რომ ქვეყნებს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საფრთხის ქვეშ დადგება თუ მექსიკა ცენტრალური ამერიკიდან შეერთებულ შტატებში მომავალ „მიგრანტების ქარავანს“ არ შეაჩერებს.
უკვე ზედიზედ მესამე დღეა, რაც პრეზიდენტი ტრამპი იმიგრანტების წინააღმდეგ განცხადებებს ავრცელებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. მისი კომენტარების სამიზნე ის ათასზე მეტი მიგრანტია, ვინც ჩრდილოეთ ჰონდურასიდან მექსიკის გავლით ამერიკისკენ მოემგზავრება.
„უმჯობესი იქნება მიგრანტების ქარავანს თუ შეაჩერებენ“, წერს ტრამპი, რომლის თქმითაც ამერიკას „სუსტი სასაზღვრო კანონმდებლობა“ აქვს.
ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი ახალ კანონზე მუშაობენ, რომელიც იმიგრაციის საკითხებში არსებულ ბუნდოვანებას აღმოფხვრის. ამ კანონმდებლობით გაუქმდება დეპორტაციის გრძელვადიანი პროცესი და მარტო მოგზაური ბავშვების დეპორტაცია დაიწყება.
ტრამპის ადმინისტრაციას, ასევე, სურს გააუქმოს მოქმედი წესი, რომლის მიხედვითაც დეპორტაციის პროცესის მიმდინარეობისას ბავშვები ციხეების ნაცვლად მშობლებთან ან სხვა ნათესავებთან რჩებიან.
გუშინ პრეზიდენტმა ტრამპმა „ტვიტერში“გააკრიტიკა არსებული კანონმდებლობა. „როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, ჩვენი კანონები არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ისინი [მიგრანტები] უკან ისევ სამხრეთი საზღვრის გავლით გავუშვათ, რომლითაც ქვეყანაში შემოვიდნენ. მექსიკას და კანადას მკაცრი საიმიგრაციო კანონები აქვთ, ჩვენი კანონმდებლობა კი სასაცილოა“, დაწერა პრეზიდენტმა მისი წინამორბედის მიერ მიღებულ კანონზე.
მან ასევე თქვა, რომ ჰონდურასი და მექსიკა ამერიკის სუსტი კანონებით სარგებლობენ „გულუხვად აგზავნიან მიგრანტებს ამერიკაში. კანონები უნდა მივიღოთ და კედელი ავაშენოთ. დემოკრატები გზას უხსნიან ნარკოტიკებს და კრიმინალს“, დაწერა ტრამპმა.
ჯერ-ჯერობით გაურკვეველია რა ბედი ეწევა ტრამპის ინიციატივას კონგრესში. კანონმდებლები უკვე წლებია იმიგრაციის საკითხებზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ. კონგრესმა შეაფერხა ტრამპის ინიციატივა მექსიკის საზღვარზე 20 მილიარდიანი კედლის აშენების შესახებ. კონგრესი ასევე ვერ შეთანხმდა „დაკას“ სახელით ცნობილი პროგრამის შეჩერებაზე. „დაკა“ 1.8 მილიონ არაკანონიერ იმიგრანტს იცავს დეპორტაციისგან. მათ, ვინც მშობლებმა ამერიკაში არასრულწლოვნების ასაკში ჩამოიყვანეს „მეოცნებეებს“ უწოდებენ.
კონგრესმა დაამტკიცა 1.3 ტრილიონიანი ბიუჯეტის ხარჯვითი პროექტი, რომელიც ამერიკის ფედერალური მთავრობის საქმიანობას სექტემბრის ბოლომდე აფინანსებს. ამ ბიუჯეტში შესულია თანხები მექსიკის საზღვარზე უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, თუმცა ეს თანხა უკვე არსებულ ინფრასტრუქტურაზე უნდა დაიხარჯოს და არა ახალი ბარიერების აგებაზე.
მექსიკის მთავრობის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, „ქარავნები“ ძირითადად გუატემალადან, ჰონდურასიდან და ელ-სალვადორიდან გამოქცეული მიგრანტებისგან შედგება.
„მექსიკას სუვერენული საიმიგრაციო პოლიტიკა აქვს, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო, კანონიერ და დროულ მიგრაციას. მექსიკის მთავრობა არ უწყობს ხელს არალეგალურ მიგრაციას“, ნათქვამია მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ორგანიზაცია „ხალხი საზღვრების გარეშე“ აცხადებს, რომ ჰონდურასიდან ადამიანების ჯგუფებმა უკვე ასობით კილომეტრი გაიარეს. ისინი ჯგუფებად გადაადგილდებიან, რათა თავი დაიცვან თავდასხმებისგან და ძარცვისგან, რისი სამიზნეც მიგრანტები ხშირად ხდებიან. ორგანიზაციის სპიკერის თქმით, გასულ წელს, შეერთებულ შტატებამდე ორმა მასგავსმა ქავანმა მოაღწია.
ორგანიზაციის შეფასებით, თავშესაფრის მაძიებელი ჰონდურასელების მაღალი რაოდენობა რეგიონში არსებული პოლიტიკური კრიზისით აიხსნება.
მექსიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალფონსო ნავარეტემ „არაზუსტი“ უწოდა პრეზიდენტ ტრამპის შეფასებას იმაზე, რომ მექსიკა „არალეგალური იმიგრაციის გასაკონტროლებლად საკმარის ძალისხმევას არ სწევს“. მინისტრის განცხადებით, მექსიკა „კანონის მკაცრი დაცვით და სხვა ქვეყნისგან წნეხის გარეშე“ იმოქმედებს.