ტრამპისა და ჰარისის პირველი დაპირისპირება პირდაპირ ეთერში - როდის, სად, როგორ

შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი და მისი დემოკრატი კონკურენტი კამალა ჰარისი, ერთმანეთს მალე პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდებიან. პირველი საპრეზიდენტო დებატები ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს და მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს შორის, ორ კვირაზე ნაკლებ დროში გაიმართება.

დაახლოებით 5 კვირის წინ, 21 ივლისს, 81 წლის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა, მომავალ არჩევნებზე პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლა შეეწყვიტა. მან გზა კამალა ჰარისს დაუთმო და მას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

დაახლოებით 240 მილიონამდე ამერიკელი ამომრჩევლისთვის, ეს იქნება პირველი შანსი, ტრამპისა და ჰარისის პოლიტიკურ პლატფორმაზე, ერთმანეთის გვერდიგვერდ მდგომი კანდიდატებისგან, ინფორმაცია უშუალოდ მიიღოს. პირდაპირი ეთერის მოლოდინი შეერთებულ შტატებში დიდია.

სად და როდის?

დებატები, რომელსაც მასპინძლობს ტელეკომპანია "ეი-ბი-სი" (ABC News), სამშაბათს, 10 სექტემბერს, ადგილობრივი დროით, საღამოს 9 საათზე გაიმართება. ადგილად ფილადელფია შეირჩა, ერთ-ერთი გადამწყვეტი შტატის, პენსილვანიის უდიდესი ქალაქი.

საპრეზიდენტო დებატები გაიმართება კონსტიტუციის ეროვნულ ცენტრში. ეს არის ფილადელფიის დამოუკიდებლობის მოლზე მდებარე მუზეუმი, რომელიც პატივს მიაგებს შეერთებული შტატების კონსტიტუციას, სადაც ასევე მდებარეობს შეერთებული შტატების თავისუფლების სიმბოლო - ისტორიული "თავისუფლების ზარი".

სად ვუყუროთ

დებატებს გაუძღვებიან "ეი-ბი-სის" ჟურნალისტები დევიდ მუირი და ლინსი დევისი. გადაცემა პირდაპირი ეთერით გადაიცემა ტელეარხზე ABC News. მას ასევე პირდაპირ ეთერში აჩვენებს "დისნეი-პლუსი" (Disney+), "ჰულუ" (Hulu) და ფილადელფიის ადგილობრივი არხი, "ეი-ბი-სის" სატელიტი არხი WPVI-TV.

წესები

ჯერჯერობით ორივე მხარე შეთანხმებულია იგივე წესებზე, რაც ტელეკომპანია "სი-ენ-ენს" (CNN) ჰქონდა დაწესებული ივნისში ჩატარებულ დებატებზე. მასში ტრამპთან ერთად, ჯერ კიდევ დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატი, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მონაწილეობდა.

აღნიშნული ინფორმაცია ტრამპის კამპანიის პრესსპიკერმა სამშაბათს, 27 აგვისტოს დაადასტურა. დებატებზე მაშინ დარბაზში არ იყო აუდიტორია. მონაწილეთა მიკროფონები კი გამორთული იყო, როცა მათთვის სალაპარაკო დრო არ იყო გამოყოფილი.

დებატებზე რეკლამებისთვის მხოლოდ ორი შესვენება იყო დაწესებული. ჰარისის კამპანია ითხოვდა ორივე მიკროფონის ჩართვას, მაგრამ ეს მოთხოვნა ამ ეტაპზე არ არის დაკმაყოფილებული.

ე.წ. მესამე პარტია

სცენაზე ჰარისის და ტრამპის გვერდით, დიდი ალბათობით, სხვა არავინ იდგება. დებატების წესების მიხედვით, მონაწილე კანდიდატებს ეროვნულ და საშტატო გამოკითხვებში, სულ ცოტა, 15%-იანი რეიტინგი უნდა ჰქონდეთ.

ჯერჯერობით ეს ზღვარი 59 წლის ჰარისის და 78 წლის ტრამპის გარდა, სხვა ვერავინ გადალახა. საკვალიფიკაციო შედეგების შეჯამების საბოლოო ვადა 3 სექტემბერია.

დებატებამდე

შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაახლოებით ორი თვე რჩება. მასში გამარჯვებულის ბედს, დიდი ალბათობით, შვიდი ე.წ. მერყევი შტატი გადაწყვეტს. შესაბამისად, რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების კანდიდატთა კამპანიები ამ საკვანძო მნიშვნელობის შტატებზე, უმეტესწილად, უფრო დიდ დროს და რესურსს ხარჯავენ და ამ დღეებშიც იქ ჩადიან.

წელს გადამწყვეტ შტატებად ითვლება: პენსილვანია, მიჩიგანი, უისკონსინი, არიზონა, ჯორჯია, ნევადა და ჩრდილოეთ კაროლინა. ორშაბათს, 26 აგვისტოს, ტრამპი მიჩიგანში ჩავიდა, ეროვნული გვარდიის ასოციაციის შეკრებაზე, შტატის ყველაზე დიდ ქალაქ - დეტროიტში. ამ წლის განმავლობაში, ეს მიჩიგანში რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო ნომინანტის უკვე მეშვიდე ვიზიტია. ტრამპმა შტატში საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წელს დემოკრატ ჰილარი კლინტონს მოუგო. მაგრამ, ამის შემდეგ, 2020-ში არჩევნები დემოკრატ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან წააგო.

რაც შეეხება დემოკრატების კამპანიას, ის განსაკუთრებით დღეს, გააქტიურდება. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ, მინესოტის გუბერნატორ ტიმ უოლცთან ერთად, ჰარისი იწყებს ტურს ავტობუსებით და ისინი ჯორჯიის შტატის ბევრ ქალაქს მოივლიან. დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კამპანიის ტურის ცენტრალური შეხვედრა ჯორჯიის ქალაქ სავანაში იგეგმება. დემოკრატმა ბაიდენმა წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯორჯიაში საკმაოდ მცირე უპირატესობით მოიგო. ეს ვიცე-პრეზიდენტ ჰარისის მეშვიდე ვიზიტი იქნება ამერიკის სამხრეთში მდებარე ამ შტატში და მეორე საკამპანიო შეხვედრა - სავანაში.

გამოკითხვები და კამპანიის ფინანსები

ჰარისი ტრამპს ეროვნულ გამოკითხვებში, მცირე უპირატესობით, ჯერ კიდევ წინა კვირაში გამართულ დემოკრატთა ეროვნულ ყრილობამდე უსწრებდა. ვარაუდობენ, რომ ყრილობის შემდეგ, ის დროებით კიდევ უფრო დაწინაურდება. ამ ეტაპზე, ვიდრე ყრილობის შემდგომი შედეგები შეჯამდება, ბოლო გამოკითხვათა საშუალო მაჩვენებლით, ჰარისი ტრამპს 2-3 პროცენტით უსწრებს.

ჰარისის კამპანიამ, კვირას, 25 აგვისტოს განაცხადა, რომ არჩევნებისთვის $540 მილიონის მობილიზება შეძლო. აქედან, 82 მილიონი გასულ კვირას გამართულ პარტიის ოთხდღიან ეროვნულ ყრილობაზე, ე.წ. კონვენციაზე შეგროვდა. თანხის დიდი ნაწილის გახარჯვას დემოკრატთა საპრეზიდენტო კამპანია რეკლამებში გეგმავს. მნიშვნელოვანი თანხების მობლიზაციაა ტრამპის რესპუბლიკურ პარტიაშიც, სადაც აგვისტოს დასაწყისის მონაცემებით, 327 მილიონი იყო მობილიზებული.

არჩევნების დღე

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს არის დანიშნული, მაგრამ ამერიკის ზოგიერთ შტატში ნაადრევი ხმის მიცემის პროცესი უკვე დაიწყო. პრეზიდენტის გარდა, ამერიკა ასევე ირჩევს წარმომადგენელთა პალატის ყველა, 435 წევრს და სენატში - 33 სენატორს, სულ - 468 კანონმდებელს.

არჩევნების წინ, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატას რესპუბლიკური უმრავლესობა აკონტროლებს. დემოკრატები და დამოუკიდებლები, რომლებიც კენჭისყრაში მხარს უმეტესად დემოკრატებს უჭერენ, უმრავლესობას ამერიკის სენატში ფლობენ. 5 ნოემბერს, ამერიკის ბევრ შტატში ადგილობრივი არჩევნებიც იმართება და ბიულეტენზე ასევე იქნებიან კანდიდატები, შტატის მართვისთვის მნიშვნელოვან თანამდებობათა დასაკავებლად.