ტრამპი ფიქრობს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან სამიტი "ძალიან კარგად" ჩაივლის

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გუშინ სინგაპურში ჩავიდა. სწორედ აქ უნდა შედგეს ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შორის ისტორიული შეხვედრა.

თვითმფრინავიდან ჩამოსულ დონალდ ტრამპს ტრაპთან სინგაპურის საგარეო საქმეთა მინისტრი ვივიან ბალაკრიშნანი დახვდა. ჟურნალისტების შეკითხვებზე, რას ფიქრობს, როგორ ჩაივლის სამიტი, ტრამპმა უპასუხა: "ძალიან კარგად". თუმცა გამგზავრებამდე მან ისიც თქვა, რომ "უცნობ ტერიტორიაზე" მიდიოდა.

კანადის დატოვებისას "ამერიკის ხმის" შეკითხვაზე პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ის "ნამდვილად თავდაჯერებულია" იმ დინასტიის წარმომადგენელთან შეხვედრის წინ, რომლის სამი თაობაც ათწლეულების მანძილზე მართავდა ქვეყანას.

მხარეების განცხადებით, ისინი ატომური იარაღის განადგურების საკითხებს განიხილავენ, თუმცა შესაძლო შეთანხმების კონკრეტული პირობები ცნობილი არ არის. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა აქამდე, რომ ამა თუ იმ შეთანხმების ხელმოწერა არც იგეგმება. გარდა ამისა, ტრამპმა თქვა, რომ ის შეხვედრის პირველივე წუთებში "იგრძნობს" შესაძლებელია თუ არა ასეთი შეხვედრისას შედეგის მიღწევა.