კვირას, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან არაფერი იცოდა ანგარიშის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ავღანეთში დისლოცირებული ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლისთვის, რუსეთის სამხედრო დაზვერვას თალიბებისთვის ჯილდო ჰქონდა დაწესებული. ამერიკის დაზვერვამ ეს სიგნალი თავის დროზე სარწმუნოდ არ ჩათვალა, აცხადებს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ამ ინფორმაციას ყველა უარყოფს, "ჩვენს ჯარებზე ავღანეთში რუსეთის ე.წ. იერიშების შესახებ, როგორც ეს ყალბი ახალი ამბების 'ანონიმურმა წყარომ' გამოაქვეყნა" - დაწერა მან სოციალურ ქსელ "ტვიტერზე". "დაზვერვამ ახლა მაცნობა, რომ ეს მათ სარწმუნოდ არ ჩათვალეს, შესაბამისად არ მოგვახსენეს მე ან ვიცე-პრეზიდენტს " - ამბობს პრეზიდენტი.
აღნიშნული ინფორმაცია პირველად "ნიუ-იორკ თაიმსმა" გამოქვეყნა. შეერთებული შტატების კონგრესი მომხდარზე სერიოზულ რეაგირებას ითხოვს. მათ შორისაა რესპუბლიკელი სენატორ ლინდსი გრემი. ის აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია "მსგავს ბრალდებებს სერიოზულად უნდა მოეკიდოს". დემოკრატები კი კონგრესში ამ საკითხზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ.
დღეს პუბლიკაციის შესახებ კომენტარი რუსეთმაც გააკეთა. ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ანგარიშს "სიცრუე" უწოდა და თქვა, რომ ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ამ ბრალდების განხილვა არასდროს მომხდარა.
ასევე ნახეთ: ავღანეთში ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა