ტრამპი დემოკრატებისგან ინიციატივას ელის

ამერიკის მთავრობის ნაწილი უკვე 9 დღეა დახურულია. კომპრომისი ჯერჯერობით არ ჩანს, პრეზიდენტი ტრამპი აგრძელებს დემოკრატების დადანაშაულებას იმაში, რომ ისინი სასაზღვრო უსაფრთხოებას სერიოზულად არ აღიქვამენ და ამისთვის დაფინანსების გამოყოფაზე უარს ამბობენ.

შაბათს გამოქვეყნებულ "ტვიტში" პრეზიდენტმა თქვა, რომ თავად დემოკრატებმა უნდა აიღონ ინიციატივა იმისათვის, რომ მთავრობის ფუნქციონირება აღდგეს. "მე აქ ვარ, თეთრ სახლში და ველოდები როდის მოვლენ დემოკრატები, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ", - დაწერა დონალდ ტრამპმა.

პრეზიდენტი მექსიკასთან საზღვარზე კედლის ასაშენებლად საჭირო თანხას ითხოვს და ამბობს, რომ არ მოაწერს ხელს არც ერთ შემოთავაზებას, რომელშიც ეს თანხა არ იქნება გათვალისწინებული. დემოკრატები კი მის მიერ მოთხოვილი 5 მილიარდის ნაცვლად, მხოლოდ 1.3 მლრდ-ის მიცემაზე არიან თანახმა, ისიც არა მხოლოდ კედლის ასაშენებლად, არამედ სასაზღვრო უსაფრთხოების დასაფინანსებლად. დემოკრატების აზრით, კედელი არარაციონალური იდეაა და ის დაფინანსებას არ იმსახურებს, პრეზიდენტი ტრამპი კი მეორე მხრივ, თავისი უმთავრესი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას ცდილობს.

პრეზიდენტმა პარასკევს და უქმეებზე არაერთი განცხადება გააკეთა "ტვიტერზე". კიდევ ერთხელ დაიმუქრა მექსიკასთან საზღვრის სრული დაკეტვით, ჰონდურასის, გვატემალასა და ელ-სალვადორისთვის ფინანსური დახმარების სრული შეწყვეტით და ა.შ. თუკი კონგრესი მას კედლის დაფინანსების საშუალებას არ მისცემს. მან ამერიკის საიმიგრაციო კანონებს "სასაცილო" უწოდა და თქვა, რომ ისინი ქვეყანას მძიმე ტვირთს უქმნის.

რაც შეეხება მექსიკასთან საზღვრის ჩაკეტვას, ამის შედეგად შესაძლოა დღეში 1.68 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების ტვირთის მიმოსვლა შეწყდეს ორ ქვეყანას შორის. საიმიგრაციო ადვოკატები საზღვრის ასეთ დახურვას ღირსებისა და პატივის შემლახველად მიიჩნევენ და ამ იდეას მკაცრად აკრიტიკებენ.

პრეზიდენტმა ტრამპმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ საზღვრის დაცვის სამსახურების მეურვეობაში მყოფი, დაკავებული გვატემალელი მიგრანტი ბავშვების სიკვდილიც კი დემოკრატების "პათეტიკურ საიმიგრაციო კანონმდებლობას" უკავშირდება. შაბათსვე, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანმა, კირსტენ ნილსენმა თქვა, რომ "სისტემა გადატვირთულია და აუცილებელია ამ ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად მუშაობა"

პრეზიდენტმა ტრამპმა პირდაპირ არ უპასუხა მისთვის დასმულ შეკითხვას, დათანხმდება თუ არა რაიმე კომპრომისულ ვარიანტს, თუკი დემოკრატები მას 5 მილიარდზე ნაკლებს შესთავაზებენ. გარდა ამისა, მას ჰკითხეს, როგორ ფიქრობს, რამდენხანს გასტანს მთავრობის ფუნქციონირების შეზღუდვა, მან უპასუხა: "რამდენი ხანიც საჭირო იქნება".

შეერთებული შტატების სამთავრობო უწყებებში, ისევე როგორც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო-კულტურულ დაწესებულებებში და სხვებში, დაახლოებით 2 მილიონ 100 ათასი თანამშრომელია დასაქმებული. მათგან 800 000 ხელფასს ვერ იღებს. ამ 800 ათასიდან 420 000 იძულებულია იმუშაოს ანაზღაურების გარეშე, რადგან მათი ფუნქციები არსებითი მნიშვნელობისაა.

დემოკრატები პრეზიდენტ ტრამპს ქვეყნის ქაოსში შეყვანაში ადანაშაულებენ და ხაზს უსვამენ დონალდ ტრამპის სიტყვებს, რომლებიც მან დემოკრატ კანონმდებლებთან შეხვედრისას გააკეთა. მან თქვა, რომ იამაყებს თუკი სასაზღვრო უსაფრთხოების მიზეზით მთავრობის საქმიანობა შეჩერდება. 3 იანვარს კონგრესის ახალი შემადგენლობა დაიწყებს მუშაობას. წარმომადგენელთა პალატას ამჯერად უკვე დემოკრატიული უმრავლესობა ეყოლება. ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ პროცესი და დისკუსიები სწორედ ამ დროიდან გააქტიურდება, თუმცა უფრო ფართო ასპექტში მათ მიაჩნიათ, რომ საკანონმდებლო პროცესი და ორივე პარტიის საქმიანობა რთული და წინააღმდეგობებით სავსე იქნება.