ამერიკის პრეზიდენტმა 15 თებერვალს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ გზით მან გვერდი აუარა კონგრესს, რომლისგანაც სამხრეთ საზღვარზე კედლისთვის საჭირო დაფინანსების მოპოვება ვერ შეძლო. თუმცა, ეს გადაწყვეტილება ისეთი სამართლებრივი გამოწვევაა, რომელმაც შესაძლოა ამერიკის პრეზიდენტის ძალაუფლების თაობაზე მნიშვნელოვანი დისკუსია და მისი საზღვრების კიდევ ერთხელ განსაზღვრა გამოიწვიოს.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება იმ კრიზისის გამო, რომელიც არ არსებობს, ჩვენი კონსტიტუციის უდიდესი დარღვევაა და ამერიკას ნაკლებ უსაფრთხოს ხდის, რადგან მიზნად ისახავს ჩვენი ჯარისა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გადაუდებლად საჭირო თავდაცვის სახსრებიდან თანხის მოპარვას. ეს ცალსახად არის ძალაუფლების მიტაცება იმედგაცრუებული პრეზიდენტის მიერ, რომელიც კანონის ჩარჩოებს გასცდა იმის მისაღებად, რაც კონსტიტუციის სამართლებრივ ფარგლებში ვერ მოახერხა.ვკითხულობთ დემოკრატი კანონმდებლების განცხადებაში.
ტრამპმა კიდევ ერთხელ ისაუბრა „განგსტერ მონსტრებზე“ და „შემოჭრაზე“, ნარკოვაჭრობასა და კრიმინალზე და აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არის „შესანიშნავი რამ, რაც უნდა გაკეთდეს“.
ამერიკის ისტორიაში მთავრობის ნაწილის ისტორიულად დიდი ხნის განმავლობაში დახურვის შემდეგ დროებითი შეთანხმებით მისი ფუნქციონირება 15 თებერვლამდე, 3 კვირით აღდგა. ამ პერიოდში კანონმდებლების ორპარტიულმა ჯგუფმა კომპრომისულ ვარიანტს, შეთანხმებას მიაღწია. პრეზიდენტმა ბიუჯეტის პროექტს პარასკევს ნაშუადღევს მოაწერა ხელი, მაგრამ არც მანამდე დაუმალავს, რომ მიღწეულით კმაყოფილი არ იყო. ამ პროექტით მან ფიზიკური ბარიერისთვის სასურველი 5.7 მილიარდი დოლარის ნაცვლად 1.4 მლრდ დოლარი მიიღო.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება პრეზიდენტ ტრამპს აძლევს უფლებამოსილებას, რომ ფედერალური ბიუჯეტის თანხები თავად გადაანაწილოს. მათ შორის, ამერიკის ჯარის დაფინანსებაც, რომელიც შეუძლია კედლისთვის გამოიყენოს. თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მიკ მალვანის თქმით, მთლიანობაში, თეთრ სახლს შეუძლია კედლის დასაფინანსებლად 8 მლრდ დოლარი გამოყოს.
მართალია პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებით ბიუჯეტზე დავა ერთი შეხედვით სრულდება, ის გზას უხსნის უფრო რთულ სამართლებრივ პროცესს, რომელმაც კედლის აშენება შესაძლოა წლების განმავლობაში შეაფერხოს. პრეზიდენტს ეს საფრთხე კარგად ესმის. „სამწუხაროდ ჩვენ გვიჩივლებენ. სამწუხაროდ, ეს პროცესი დაიწყება, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენ გავიმარჯვებთ. იმედია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
გამოწვევები სამართლებრივის გარდა, პოლიტიკური ხასიათისაც იქნება.
წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი სპიკერის, ნენსი პელოსისა და სენატის დემოკრატიული უმცირესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის მიერ განცხადებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონმდებლები უფლებას არ მისცემენ პრეზიდენტს, დააქუცმაცოს ამერიკის კონსტიტუცია“.
„პრეზიდენტის მიერ უკანონოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება იმ კრიზისის გამო, რომელიც არ არსებობს, ჩვენი კონსტიტუციის უდიდესი დარღვევაა და ამერიკას ნაკლებ უსაფრთხოს ხდის, რადგან მიზნად ისახავს ჩვენი ჯარისა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გადაუდებლად საჭირო თავდაცვის სახსრებიდან თანხის მოპარვას. ეს ცალსახად არის ძალაუფლების მიტაცება იმედგაცრუებული პრეზიდენტის მიერ, რომელიც კანონის ჩარჩოებს გასცდა იმის მისაღებად, რაც კონსტიტუციის სამართლებრივ ფარგლებში ვერ მოახერხა“, - ვკითხულობთ კანონმდებლების განცხადებაში.
შეგიძლია თქვა, რომ კლიმატის ცვლილებაა საგანგებო მდგომარეობა ან ხელმისაწვდომი ჯანდაცვის არარსებობა, ან უსახლკარობა და ა.შ. და თითოეული მათგანი არა ნაკლებ, არამედ, კიდევ უფრო მისასალმებელი იქნება, ვიდრე უსაფრთხოებისთვის კედლის აშენება.ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი, პოლ შიფ ბერმანი
პრეზიდენტი აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ საზღვარზე კრიზისული სიტუაციაა და არალეგალურ მიგრაციასა და ნარკოვაჭრობას მხოლოდ კედლის აშენება შეაჩერებს. სენატის უმრავლესობის ლიდერმა, მიჩ მკკონელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება პროგნოზირებადი და გასაგები შედეგია იმისა, რომ დემოკრატებმა პარტიული ობსტრუქციონიზმი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე წინ დააყენეს.
გარდა პოლიტიკური უთანხმოებისა და კედლის ეფექტურობაზე დავისა, ანალიტიკოსების ნაწილი შიშობს, რომ დონალდ ტრამპის ეს გადაწყვეტილება ცუდ პრეცედენტს შექმნის მომავალი პრეზიდენტებისთვის იმის საჩვენებლად, თუ როგორ აუარონ გვერდი კონგრესს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით. მაშინ, როდესაც სწორედ კონგრესს აქვს ბიუჯეტის განკარგვისა და განაწილების უფლებამოსილება.
ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი, პოლ შიფ ბერმანი ამბობს, რომ მომავალში პრეზიდენტები შეძლებენ საგანგებო მდგომარეობის გამოყენებას მათი პოლიტიკური პრიორიტეტების შესაბამისად. „[ასევე] შეგიძლია თქვა, რომ კლიმატის ცვლილებაა საგანგებო მდგომარეობა ან ხელმისაწვდომი ჯანდაცვის არარსებობა, ან უსახლკარობა და ა.შ. და თითოეული მათგანი არა ნაკლებ, არამედ, კიდევ უფრო მისასალმებელი იქნება, ვიდრე უსაფრთხოებისთვის კედლის აშენება“, - განმარტავს სამართლის პროფესორი.
კალიფორნიის დემოკრატმა გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა განაცხადა, რომ მისი შტატი პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს. გუბერნატორი ამბობს, რომ როგორც სხვა შემთხვევებში, როდესაც პრეზიდენტი ძალაუფლებას აჭარბებდა, ისინი ამ გადაწყვეტილების შეჩერებასაც მოახერხებენ.
ამერიკის პრეზიდენტების მიერ აღმასრულებელი ძალაუფლების გამოყენება საკუთარი პოლიტიკური პრიორიტეტების განსახორციელებლად სიახლე ნამდვილად არ არის, მაგრამ როგორც ჩანს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლებას იყენებს ისეთი დამაპირისპირებელი საკითხის გადასაწყვეტად, როგორიც მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებაა.