ტრამპი იმიგრაციის თაობაზე კიდევ ერთ განკარგულებას ამზადებს

"დაკას" მხარდამჭერი აქცია ლოს-ანჯელესში. 4 სექტემბერი, 2017 წელი.

“კონგრესში “დაკას” თაობაზე თქვენი საქმის საკეთებლად მოემზადეთ”. დღეს დილით, “ტვიტერზე” გამოქვეყნებული ამ მოწოდებით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აგვისტოს შვებულებიდან დაბრუნებულ კანონმდებლებს მიანიშნა, რომ უკანდახევას არ აპირებს. თეთრი სახლი იმიგრაციის თაობაზე პრეზიდენტის მორიგ გადაწყვეტილებას რამდენიმე საათში გამოაქვეყნებს.

“დაკა” სამთავრობო პროგრამის მოკლე სახელია, რომელიც ბოლო ხუთი წლის მანძილზე ასობით ათას უსაბუთო ახალგაზრდა იმიგრანტს დეპორტაციისგან იცავდა. შეღავათი პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის პერიოდში დაწესდა და ის ქვეყანაში უკანონოდ მყოფ დაახლოებით 800 ათას იმიგრანტზე ვრცელდება, რომლებიც ამერიკაში მცირეწლოვან ასაკში ჩამოიყვანეს.

თეთრ სახლთან დღეს მრავალრიცხოვანი დემონსტრაცია იგეგმება. საპროტესტო აქციებს ელიან ამერიკის სხვა დიდ ქალაქებშიც. სამთავრობო პროგრამას მხარდამჭერები ორივე პარტიაში ყავს. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი პოლ რაიანი პრეზიდენტ ტრამპს მოუწოდებს არ გააუქმოს “დაკა”. რაიანი იმედს გამოთქვამს, რომ კონგრესი ამერიკაში გაზრდილი იმიგრანტების დასაცავად სხვა რაიმე გზას გამონახავს.