პანდემიისას ტრამპთან დაკავშირებული ლობისტების საქმიანობა კითხვებს აჩენს

ორმოცმა ლობისტმა, რომელსაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან აქვს კავშირი, კორონავირუსის გამო მიღებული დახმარების ფარგლებში კლიენტებისთვის 10 მილიარდი დოლარის უზრუნველყოფა მოახერხა. 5 მათგანი ადმინისტრაციის ყოფილი წარმომადგენელია და მათი ქმედებები თავად ტრამპის მიერვე დაწესებულ ეთიკის პოლიტიკას არღვევს.

ლობისტები, რომლებზეც ორშაბათს "Public Citizen"-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი, ან ტრამპის ხელისუფლების აღმასრულებელ შტოში მუშაობდნენ, ან მისი კამპანიის წარმომადგენლები იყვნენ, ან კომიტეტის წევრები და ინაუგურაციის ღონისძიებებისთვის ფინანსებს აგროვებდნენ, ან საპრეზიდენტო გარდამავალი, ტრანზიციის გუნდის წევრები იყვნენ. ბევრი მათგანი ტრამპის პირველი კამპანიის დონორიც იყო, ზოგი კი - მისი მეორე კამპანიის მნიშვნელოვანი ფინანსური შემომწირველია. თეთრი სახლი ამ ანგარიშზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

ასევე ნახეთ: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი უცხოელ ლობისტებს მეტად დააკვირდება


ამ ადამიანებს შორისაა ბრაიან ბალარდი, რომელიც გარდამავალ გუნდში იყო, ეროვნულ რესპუბლიკური კომიტეტის ფინანსურ ნაწილს ხელმძღვანელობდა და მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა. მარტში ის Laundrylux-მა, კომერციული სარეცხი მანქანების მომწოდებელმა, მას შემდეგ დაიქირავა, რაც შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა სამრეცხაოები არსებითი მნიშვნელობის ბიზნესად არ მიიჩნია და კარანტინის დროს ისინი დახურულად გამოცხადდა. თუმცა, სამრეცხაოები არსებითი მნიშვნელობის ბიზნესებს 1 კვირაში დაამატეს.

დეივ ურბანი, ტრამპის მრჩეველი და სანდო პირი იყო, რომელმაც გასულ წელს ლობისტური საქმიანობის გაწევისთვის 2.3 მილიონი დოლარი მიიღო. კომპანია, რომელსაც ის ხელმძვანელობს - American Continental Group-ი, 15 კომპანიას წარმოადგენს, მათ შორის "ვოლგრინს" სწორედ კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, მიუხედავად მისი საპირისპირო დაპირებისა, ლობიზმის ინდუსტრია აყვავდა, განსაკუთრებით კი ეს საქმიანობა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც კონგრესმა კორონავირუსით მიყენებული ზარალის შესამსუბუქებლად 3.6 ტრილიონი დოლარის ოდენობის ფინანსური პაკეტი დაამტკიცა.

პრეზიდენტის პოსტის დაკავებიდან მალევე დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება დაამტკიცა, რომლითაც ადმინისტრაციის ყოფილ წარმომადგენლებს მათ ყოფილ დამსაქმებელ უწყებასა თუ სააგენტოსთან ლობისტური საქმიანობის წარმოებას მათი იქ მუშაობიდან 5 წლის განმავლობაში უკრძალავდა. ამ ბრძანების კიდევ ერთი ნაწილი პრეზიდენტის მიერ პოლიტიკურ თანამდებობებზე დანიშნულ პირებს ლობისტურ საქმიანობას, მისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე უკრძალავს. თუმცა, ხუთმა ლობისტმა, რომელიც ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელია, ანგარიშის ავტორების თქმით, კორონავირუსის პანდემიისას სავარაუდოდ სწორედ ის გააკეთა, რასაც ეს ბრძანება კრძალავდა.

კორტნი ლორენსი, ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტში 2017-2018 წლებში ჯანდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწე იყო. 2018 წელს ის ჯანდაცვის სერვისების კომპანია Cigna-ს ლობისტი გახდა და სწორედ ჯანდაცვის უწყებებთან აწარმოებდა ლობისტურ საქმიანობას.

შენონ მკგანი კი თეთრი სახლის ყოფილი მრჩევლის, დონ მკგანის მეუღლეა. დონ მკგანი 2017-2018 ხაზინის მდივნის, სტივენ მნუჩინის მრჩეველი იყო, მისი მეუღლე კი National Association of Realtors-ის წამყვანი ლობისტია და კონგრესის ორივე პალატასთან და 6 უწყებასთან, მათ შორის სახელმწიფო ხაზიანასთანაც აწარმოებს ლობისტურ საქმიანობას.

კიდევ ერთი და არა უკანასკნელი სახელი, რომელიც ანგარიშში ფიგურირებს, ჯორდან სტოიცკია, რომელიც ასევე ხაზინის დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი იყო. "მწარმოებელთა ეროვნული ასოციაციის" ვებგვერდზე კი მისი სახელი "ვაშინგტონის წამყვან ლობისტადაა" მითითებული. ის და მისი კოლეგები კონგრესის ორივე პალატასა და 5 სხვა უწყებასთან მუშაობდნენ, მათ შორის ხაზინასთანაც.

კომპანიების ნაწილმა კომენტარი არ გააკეთა, ნაწილი კი ამბობს, რომ მათი ლობისტების საქმიანობა კანონთან და რეგულაციებთან სრულ შესაბამისობაშია.

Public Cirizen'-ის ხელმძღვანელი ქრეგ ჰოლმანი ამბობს, რომ ჯგუფი თეთრ სახლში ეთიკური საჩივრის შეტანას გეგმავს, თუმცა ვარაუდობს, რომ გასულ წელს შეტანილი 30 საჩივრის მსგავსად, ისიც რეაგირების გარეშე დარჩება.