ტრამპი ფაუჩის "კატასტროფას" უწოდებს და ამბობს, რომ ხალხს შეზღუდვები მობეზრდა

ამერიკის პრეზიდენტი ქვეყნის მთავარ ინფექციონისტს, ენტონი ფაუჩის კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. მან კამპანიის გუნდის წევრებთან გამართული სატელეფონო საუბრისას ფაუჩის "კატასტროფა" უწოდა.

დონალდ ტრამპსა და თეთრი სახლის კორონავირუსთან ბრძოლის საგანგებო ჯგუფის წევრ ენტონი ფაუჩის შორის დიდი ხანია უთანხმოებაა. ამის მიზეზი კი კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავებაა. პანდემია ერთ-ერთ მთავარ წინასაარჩევნო თემად იქცა, საპრეზიდენტო კენჭისყრა კი - ერთგვარ რეფერენდუმად იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდა ტრამპის ადმინისტრაცია კოვიდ 19-ის პანდემიას და მის მიერ გამოწვეულ სირთულეებს.

ასევე ნახეთ: ფაუჩი ტრამპის რეკლამაში მისი სიტყვების გამოყენების წინააღმდეგია



79 წლის ექიმი ფაუჩი დემოკრატი და რესპუბლიკელი პრეზიდენტების ადმინისტრაციაში, განსხვავებული ხელისუფლების პირობებში მუშაობდა და ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მეცნიერია. ის ამბობს, რომ პანდემიის საკითხს კვლავ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ "უარესი უკვე ჩავლილია".

"ფაუჩი კატასტროფაა. მისთვის რომ მომესმინა, 500 000 ადამიანი გვეყოლებოდა გარდაცვლილი", - უთხრა ტრამპმა კამპანიის გუნდის წევრებს ზარისას, რომელზე დასწრების საშუალებაც ჟურნალისტებსაც მიეცათ.

ენტონი ფაუჩიმ გასულ კვირას ღიად გამოთქვა წუხილი იმის თაობაზე, რომ მისი კომენტარი კორონავირუსთან გამკლავების თაობაზე ტრამპის კამპანიამ სარეკლამო რგოლში გამოიყენა. ტელეკომპანია CBS-ის, გადაცემა "60 წუთისთვის" მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ არ უკვირს, რომ პრეზიდენტი თავად დაავადდა ვირუსით.

ასევე ნახეთ: 2020 წლის ბოლო საპრეზიდენტო დებატები ახალი წესებით ჩატარდება

დონალდ ტრამპის თქმით ხალხს მობეზრდა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები.

"ხალხი დაიღალა. ადამიანები ამბობენ, რაც გინდა, იყოს, უბრალოდ თავი დაგვანებეთ. ისინი დაიღალნენ ფაუჩის და ყველა ამ იდიოტის მოსმენით", - თქვა ტრამპმა.

ამერიკაში ამ დროისთვის ინფიცირების 8 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა. გარდაიცვალა 220 ათასზე მეტი ადამიანი.