3 ნოემბრის საყოველთაო არჩევნების წინ, შეერთებულ შტატებში მეორე და უკანასკნელი საპრეზიდენტო დებატები გაიმართა. ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში, ხუთშაბათს საღამოს მიმდინარე დისკუსია, რესპუბლიკელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ, დემოკრატ ჯო ბაიდენს შორის, საკმაოდ მწვავე გამოდგა. საათნახევრიანი კამათი პანდემიის თემით დაიწყო, შეეხო ქვეყნის ეკონომიკას, ჯანდაცვას, კორუფციას, რასიზმის პრობლემას, კლიმატურ ცვლილებებს, თუ ამერიკის ლიდერობისთვის აუცილებელ ფუნქციებს.
პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ის იმსახურებს ხელმეორედ არჩევას, რადგან ქვეყანა მისი მეთაურობით ძალზე წარმატებული იყო და მას აქვს უნარი, პანდემიით დაზარალებული ამერიკა ისევ ააღორძინოს. ახალ კორონავირუსამდე "ჩვენ საუკეთესო ეკონომიკა გვქონდა" - განაცხადა პრეზიდენტმა. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებს ბაიდენი მოიგებს, შეერთებულ შტატებში "არნახულ დეპრესიას" ექნება ადგილი.
ბაიდენი კი ამბობს, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში დაპირისპირებები გამწვავდა და სიტუაცია "ქაოტურია". ის ამომრჩევლებს პირდება, რომ ქვეყანას გააერთიანებს და პანდემიასთან ბრძოლაში "თხზულებების" ნაცვლად, "მეცნიერებით" იხელმძღვანელებს. "ეს არჩევნები წესიერებაზე, კეთილშობილებაზე, პატივისცემაზე და ადამიანების ღირსეულად მოპყრობაზეა. თქვენ ეს არ მიგიღიათ ბოლო 4 წლის მანძილზე" - ასე მიმართა ბაიდენმა ამომრჩევლებს.
ანალიტიკოსების შეფასებით, არჩევნებამდე 12 დღით ადრე გამართული დებატები, ამომრჩეველზე დიდ გავლენას არ მოახდენს. მითუმეტეს, რომ პანდემიის გამო, ნაადრევი კენჭისყრის უფლებით ელექტორატის თითქმის მესამედმა, 47 მილიონზე მეტმა ამერიკელმა უკვე ისარგებლა და პრეზიდენტობის სასურველი კანდიდატის სახელი ბიულეტენზე უკვე შემოხაზა. თუმცა, დებატები საბოლოო არჩევანის გაკეთებაში აუცილებლად დაეხმარება ამომრჩეველთა მერყევ ნაწილს, ვინც პარტიული არ არის და ვერ გადაუწყვეტია, თუ რომელ კანდიდატს მისცეს ხმა.
პოლიტოლოგები იმაზეც თანხმდებიან, რომ ბოლო დებატები გაცილებით ცივილური იყო და მაყურებელს მიეცა საშუალება მტკივნეულ საკითხებზე ორივე მხარის მოსაზრებები მოესმინა. ორგანიზატორები ამჯერად მზად იყვნენ ოპონენტისთვის სიტყვის ხშირი შეწყვეტისთვის, რაც პირველ დებატებზე თითქმის განუწყვეტლად ხდებოდა და გეგმავდნენ მიკროფონების გამორთვას. მაგრამ, ამის საჭიროება ხუთშაბათს ნაკლებად იყო. დებატების შეფასებისას კომენტატორები ამბობენ, რომ მოდერატორი, "ენ-ბი-სის" კორესპონდენტი თეთრ სახლში, კრისტენ უოლკერი დისკუსიას კარგად აკონტროლებდა.
ასევე ნახეთ: დებატები, რომელიც შესაძლოა უშედეგოდ დასრულდადებატების მთავარი თემა პანდემია კოვიდ-19 და მისი მართვა იყო. კრისტენ უოლკერის პირველი კითხვებიც სწორედ აქეთ იყო მიმართული. ბაიდენმა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ პანდემიის მართვა მკაცრად გააკრიტიკა.
"ის ამბობს, რომ სიტუაცია თანდათან გვარდება", მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის - აცხადებს ჯო ბაიდენი. „220 ათასი ამერიკელია მკვდარი... ის, ვინც პასუხისმგებელია ამდენ სიკვდილზე, არ უნდა იყოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი“ - ამბობს ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი.
ტრამპი აცხადებს, რომ მისი ლიდერობით, სიკვდილობის მაჩვენებელი 85%-ით შემცირდა. ის თვლის, რომ ამერიკული ეკონომიკის შემდგომი შეფერხება შეუძლებელია. "ჩვენ ვერ დავიხურებით, თუ არა და როგორც ერი ვეღარ ვიარსებებთ... ხალხი მასთან [კოვიდ-19-თან] თანაცხოვრებას სწავლობს" - ამბობს პრეზიდენტი.
ამაზე ბაიდენმა უპასუხა: „ის ამბობს, რომ თურმე მასთან თანაცხოვრებას ვსწავლობთ, იმ ხალხზე, ვინც სიკვდილთან თანაცხოვრებას სწავლობს“.
ტრამპმა ოპონენტი ზედმეტ სიფრთხილეში, მისივე სიტყვებით - "სარდაფში ჯდომაში" - დაადანაშაულა. პრეზიდენტის თქმით, ბაიდენმა თუ გაიმარჯვა, "ის საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, თუნდაც ეს მხოლოდ ერთმა ადამიანმა თქვას ჩვენს უზარმაზარ ბიუროკრატიაში".
ასევე ნახეთ: აშშ-ში კოვიდ-19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ექნებათდებატებზე იკამათეს ჯანდაცვის პრობლემაზეც. ტრამპმა ბაიდენს ქვეყანაში "სოციალისტური მედიცინის" შემოღების სურვილი დასწამა. ბაიდენმა კი თქვა, რომ მას მხოლოდ იმ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სრულყოფა სურს, რომელიც პრეზიდენტ ობამას დროს, 2010 წელს დაამტკიცეს.
ტრამპმა ბაიდენი კორუფციაში დაადანაშაულა და არაერთხელ ახსენა მისი შვილი, ჰანტერ ბაიდენი, რომელიც უკრაინული კომპანიის მმართველ საბჭოში მაღალი ანაზღაურებით მუშაობდა. პასუხად, ბაიდენმა თქვა, რომ არასდროს, არცერთი ცენტი არ აუღია უცხოეთის ქვეყნებიდან. მან პრეზიდენტ დასდო ბრალი უცხოეთში ბიზნესებიდან მოგების მიღებაში.
ბაიდენმა ისევ წამოწია ფედერალური გადასახადების თემაც, რომელიც პრეზიდენტს წლების მანძილზე, მრავალჯერადი მოთხოვნის მიუხედავად, არ გაუსაჯაროებია. "ნიუ-იორკ თაიმსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ტრამპს მოგების გადასახადები 10 წლის მანძილზე არ გადაუხდია, 2016-17 წლებში, კი მილიარდერმა ბიზნესმენმა მხოლოდ $750 გადაიხადა.
"ჩემი ყველა გადასახადი გამოვაქვეყნე, 22 წლის გადასახადები... თქვენ ერთი წლის გადასახადიც კი არ გამოგიქვეყნებიათ. რას მალავთ?.. უცხოეთის ქვეყნები გიხდიან. რუსეთი გიხდით. ჩინეთი გიხდით" - უთხრა ტრამპს ბაიდენმა.
პასუხად, ტრამპმა განაცხადა, რომ ის პრეზიდენტობამდე ბიზნესს არამარტო ჩინეთში, არამედ მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში აწარმოებდა. რაც შეეხება გადასახადებს, მისი ბუღალტრები ამაზე მუშაობენ და გადასახადები გამოქვეყნდება.
750 დოლარის გადასახადს რაც შეეხება, პრეზიდენტის თქმით, ეს იმიტომ მოხდა, რომ მან მილიონობით დოლარი წინასწარ გადაიხადა: "ისინი არ წყვეტენ 750 დოლარზე საუბარს, რაც ჩემი აზრით, საბუთების მომზადების მოსაკრებელი იყო. მაგრამ, მინდა გითხრათ, მე მილიონობით, მილიონობით დოლარი წინასწარ გადავიხადე".
ასევე ნახეთ: ტრამპს 8 წელი გადასახადები არ გადაუხდია, მაგრამ არც კანონი დაურღვევიაეროვნული მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ბაიდენს რეიტინგებში 8-დან 10 პროცენტამდე უპირატესობა აქვს. თუმცა, ეს უპირატესობა თითქმის განახევრებულია იმ ე.წ. გადამწყვეტ შტატებში, რომელიც არჩევნების შედეგებზე დიდ გავლენას ახდენს.
ამას გარდა, შეერთებულ შტატებში პრეზიდენტს მხოლოდ ხმის მარტივი უმრავლესობით არ ირჩევენ. ამერიკული საპრეზიდენტო არჩევნები რთული, ორსაფეხურიანი სისტემააა. შტატების დონეზე მოწყობილ საყოველთაო ხმის მიცემას, მოჰყვება კიდევ ერთი კენჭისყრა სპეციალურ ორგანოში, რომელსაც საარჩევნო (ელექტორალური) კოლეგია ჰქვია და სადაც სასწორზე გადამწყვეტი 538 ხმაა. საპრეზიდენტო კანდიდატმა არჩევნების საბოლოო მოგებისთვის, კოლეგიის წევრთა 270 ხმა უნდა მოიპოვოს.
ასევე ნახეთ: ამერიკული დილემა: თუ არჩევნებზე გამოკვეთილი ლიდერი არ იქნა...