შტატები, სადაც ორივე პარტიას თანაბარი მხარდამჭერები ჰყავს - სამი კვირა საპრეზიდენტო არჩევნებამდე

არჩევნებამდე სამი კვირაა დარჩენილი და როგორც ჩანს, შტატები, სადაც ორივე პარტიას თითქმის თანაბარი მხარდამჭერები ჰყავს, გადაწყვეტს იმას, თუ ვინ გახდება ამერიკის პრეზიდენტი. ამის გამო, ახლა პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიები ფლორიდაზე, ოჰაიოსა და პენსილვანიაზეა ფოკუსირებული.

„კორუმპირებული პოლიტიკური კლასი, სასოწარკვეთით ცდილობს ძალაუფლება ნებისმიერი საშუალებით აღიდგინოს. ჩვენ ვართ ისინი, ვინც მათ გზაზე გადავუდექით,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა სენფროდშიო, ფლორიდაში.

პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენი „რადიკალი გლობალისტების“ ინტერესებს ატარებს და დემოკრატიული პარტიის კონტროლის სადავეები „სოციალისტებს, მარქსისტებს და ექსტრემისტ მემარცხენეებს“ გადასცა.

ასევე ნახეთ: ტრამპი კოდივ-19-ით ინფიცირების შემდეგ პირველ აქციას მართავს

ეს იყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველი წინასაარჩევნო შეხვედრა მას შემდეგ, რაც კოვიდ-19-ით ინფიცირებულს, მკურნალობის კურსი საავადმყოფოში ჩაუტარეს.

„თავს იმდენად კარგად და ძლიერად ვგრძნობ, რომ ამ აუდიტორიაში გავივლი. ყველას ვაკოცებ. ვაკოცებ ბიჭებს და მშვენიერ ქალებს,“ - განაცხადა ტრამპმა მხარდამჭერებთან შეხვედრაზე. ის აცხადებს, რომ მკურნალობის შემდეგ ვირუსისგან დაცულია. პარალერულად, ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი წინასაარჩევნო კამპანიას ოჰაიოში მართავს.

ორშაბათს, ოჰაიოის ეწვია პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი. დღეს ბაიდენი შეხვედრას ფლორიდაში გამართავს, პრეზიდენტი ტრამპი კი მხარდამჭერებს პენსილვანიაში შეხვდება.

ასევე ნახეთ: აშშ-ის არჩევნებზე, ხმას სარეფერენდუმო საკითხების მთელ წყებასაც მისცემენ

მიუხედავად იმისა, თუ რომელი კანდიდატი მიიღებს ხმათა უმრავლესობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, გამარჯვების გასაღები ამომრჩეველთა კოლეგიის მინიმუმ 270 ხმაშია.

ფლორიდაში, ოჰაიოსა და პენსილვანიაში ჯამში 67 საარჩევნო ხმაა თავმოყრილი.

ყველაზე მეტი საარჩევნო ხმა კალიფორნიას აქვს - 55. ეს არის შტატი, სადაც, გამოკითხვების შედეგების გათვალისინწებით, სავარაუდოდ, ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს.

ტეხასს 38 საარჩევნო ხმა აქვს. ანალიტიკოსების ფიქრობენ, რომ აქ პრეზიდენტი ტრამოპი 2016 წლის გამარჯვებას გაიმეორებს.