ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს კიდევ ერთხელ გააღვივა შიში ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები იმიგრანტების გარშემო. მისი განცხადებით, ის შემდეგ კვირაში ახალ საპრეზიდენტო განკარგულებას გასცემს, რაც თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებიც ამერიკის სამხრეთ საზღვარს უახლოვდებიან, ახალ აკრძალვებს დაუწესებს.
მისურის შტატის ქალაქ კოლუმბიაში, ამომრჩეველთან შეხვედრის დროს, პრეზიდენტმა გაახმოვანა სურვილი ამერიკის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების შესახებ. შეერთებული შტატების კონსტიტუცია შეერთებულ შტატებში დაბადებულებს ავტომატურად ანიჭებს ქვეყნის მოქალაქეობას.
პრეზიდენტმა აქციაზე განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება „მშობიარეთა ტურიზმს“, როცა ორსული ქალები შეერთებულ შტატებში ბავშვის გასაჩენად ჩადიან, იმისთვის, რომ ახალშობილმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღოს. პრეზიდენტი ამბობს, რომ მას შეუძლია კონსტიტუციის მე-14 შესწორება ბრძანებით შეცვალოს, თუმცა იურისტები პრეზიდენტს არ ეთანხმებიან. მათი თქმით, კონსტიტუციის შესაცვლელად უფრო მეტია საჭირო ვიდრე საპრეზიდენტო განკარგულება.
პრეზიდენტის გამწვავებული განცხადებები და გეგმები, რომელიც იმიგრაციას ეხება, მიმომხილველთა აზრით, მომავალ შუალედურ არჩევნებს უკავშირდება. არჩევნები სამშაბათს გაიმართება და გადაწყვეტს, თუ რომელი პარტია გააკონტროლებს კონგრესს. პრეზიდენტი ცდილობს იმიგრაცია საარჩევნო კამპანიის ცენტრალური საკითხი გახადოს.
პრეზიდენტმა კვირის დასაწყისში ასევე განაცხადა, რომ ცენტრალური ამერიკიდან მომავალი მიგრანტთა ქარავნის შესაჩერებლად მექსიკის საზღვარზე 15,000 ამერიკელი სამხედროს განთავსებას გეგმავს. მათი უმეტესობა შეერთებული შტატების საზღვრის გადაკვეთას და თავშესაფრის მიღებას ცდილობს.
„ეს საშიში ხალხის ჯგუფია“, - განაცხადა პრეზიდენტმა მიგრანტების შესახებ. მან ქარავანს „ბოროტმოქმედები და ბანდის წევრები“ უწოდა და საზღვრისკენ არმიის დამატებითი ნაწილები გააგზავნა. რამდენიმე დღის წინ მან ისიც თქვა, რომ ქარავანში ახლო აღმოსავლეთიდან წამოსული ადამიანებიც არიან.
ტრამპის გადაწვეტილებით, შეერთებულ შტატებს სამხრეთის საზღვარზე უფრო მეტი სამხედრო ეყოლება ვიდრე სირიასა და ერაყში. ხოლო ავღანეთში 14,000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება. ამ დროისთვის, საზღვარს 2,100 ეროვნული გვარდიის გუშაგი იცავს. თავდაცვის დეპარტამენტი ამბობს, რომ დამატებით, საზღვარზე პენტაგონი 5,100 მოქმედ სამხედროს გააგზავნის და კიდევ 2,000 სამხედრო მზადყოფნაში იქნება მათ დასახმარებლად.
თავდაცვის მდივანმა ჯიმ მატისმა უარყო, რომ სამხედროების საზღვარზე განთავსება პოლიტიკური სპექტაკლია, რათა რესპუბლიკელებმა კონგრესის შუალედური არჩევნების წინ მეტი მხარდაჭერა მოიპოვონ. „ჩვენ ამ დეპარტამენტში სპექტაკლებს არ ვდგამთ“, - თქვა მატისმა. „დახმარება, რომელსაც ჩვენ ეროვნული უსაფრთხოების მდივანს ვუწევთ, პრაქტიკულია და ეფუძნება საბაჟო და საზღვრის დაცვის კომისრის მოთხოვნას“ - თქვა მან.
ამერიკის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც სასაზღვრო უსაფრთოხების დანაყოფს უნდა დაეხმაროს, ქვეყნის შიდა სამართალდაცვაში მონაწილეობა კანონით ეზღუდებათ. მათ მიგრანტების დაკავება არ შეუძლიათ. თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, არმიის პერსონალი სასაზღვრო პატრულს გადაადგილებაში, მავთულხლართების გავლებაში და დროებით თავშესაფრების აშენებაში დაეხმარება, თუ ეს საჭირო გახდება.
ცენტრალური ამერიკიდან მომავალი ქარავნის უდიდესი ნაწილი ამ დროისთვის ჯერ ისევ მექსიკაში და შეერთებული შტატების საზღვრიდან 1600 კილომეტრის დაშორებით იმყოფება. მათ ამერიკის საზღვრამდე მისაღწევად რამდენიმე კვირა დასჭირდებათ.