პრეზიდენტი ტრამპი ცენტრალური ამერიკიდან მომავალი მიგრანტთა ქარავნის შესაჩერებლად მექსიკის საზღვარზე 15,000 ამერიკელი სამხედროს განთავსებას გეგმავს. მათი უმეტესობა შეერთებული შტატების საზღვრის გადაკვეთას და თავშესაფრის მიღებას ცდილობს.
„ეს საშიში ხალხის ჯგუფია“, - განაცხადა პრეზიდენტმა მიგრანტების შესახებ. მან ქარავანს „ბოროტმოქმედები და ბანდის წევრები“ უწოდა.
ტრამპის გადაწვეტილების შედეგად შეერთებულ შტატებს სამხრეთის საზღვარზე უფრო მეტი სამხედრო ეყოლება ვიდრე სირიასა და ერაყში . ხოლო ავღანეთში 14,000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება.
ამ დროისთვის, საზღვარს 2100 ეროვნული გვარდიის გუშაგი იცავს. თავდაცვის დეპარტამენტი ამბობს, რომ დამატებით, საზღვარზე პენტაგონი 5100 მოქმედ სამხედროს გაგზავნის და დამატებით 2000 სამხედრო მზადყოფნაში იქნება მათ დასახმარებლად.
თავდაცვის მდივანმა ჯიმ მატისმა უარყო, რომ სამხედროების საზღვარზე განთავსება პოლიტიკური სპექტაკლია, რათა რესპუბლიკელებმა კონგრესის შუალედური არჩევნების წინ მეტი მხარდაჭერა მოიპოვონ.
„ჩვენ ამ დეპარტამენტში სპექტაკლებს არ ვდგამთ“, - თქვა მატისმა. „დახმარება, რომელსაც ჩვენ ეროვნული უსაფრთხოების მდივანს ვუწევთ პრაქტიკულია, და ეფუძნება საბაჟო და საზღვრის დაცვის კომისრის მოთხოვნას“. - თქვა მან.
ამერიკის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც სასაზღვრო უსაფრთოხების დანაყოფს უნდა დაეხმაროს, ქვეყნის შიდა სამართალდაცვაში მონაწილეობა კანონით ეზღუდებათ. მათ მიგრანტების დაკავება არ შეუძლიათ.
თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით პერსონალი სასაზღვრო პატრულს გადაადგილებაში, მავთულხლართების გავლებაში, და დროებით თავშესაფრების აშენებაში დაეხმარება, თუ ეს საჭირო გახდება.
ცენტრალური ამერიკიდან მომავალი ქარავნის უდიდესი ნაწილი ამ დროისთვის ჯერ ისევ მექსიკაში და შეერთებული შტატების საზღვრიდან 1600 კილომეტრის დაშორებით იმყოფება. მათ ამერიკის საზღვრამდე მისაღწევად რამდენიმე კვირა დასჭირდებათ.
Facebook Forum