დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის რუსეთის აგრესიასთან გამკლავების თაობაზე უთანხმოება და დაძაბულობაა, თუმცა ისინი ერთმანეთთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ. შეხვედრა პარასკევს ნიუ-იორკში, "ტრამპ თაუერში" ადგილობრივი დროით დილის 9:45-ზე უნდა დაიწყოს.
წინა დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი მის ოპონენტს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს შეხვდა. ჰარისმა მას ურყევი მხარდაჭერა აღუთქვა:
"მე ველოდები მასთან შეხვედრას", - თქვა ტრამპმა ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. "მჯერა, რომ მე შევძლებ მივაღწიო შეთანხმებას პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის, საკმაოდ სწრაფად", - დასძინა მან.
ამერიკაში არჩევნებამდე თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი და ამ შეხვედრისადმი მოლოდინი ძალიან დიდია. ტრამპსა და ჰარისს უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით სრულებით განსხვავებული პოზიციები აქვთ.
Your browser doesn’t support HTML5
რესპუბლიკელი ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინას თავს არასდროს დაესხმებოდა, პრეზიდენტი რომ თავად ყოფილიყო. ის ვოლოდიმირ ზელენსკის "ვაჭარსაც" უწოდებს, რომელიც უკრაინისთვის დახმარების მოპოვებას ახერხებს. დონალდ ტრამპმა ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის ისტორიული სამხედრო გამარჯვებები შეაქო და თქვა, რომ ამერიკამ უნდა დაასრულოს უკრაინაში ჩართულობა.
პარასკევის შეხვედრა ზელენსკის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში არ იყო დაგეგმილი. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამბობდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტისას შეიძლებოდა რაღაც ტიპის შეხვედრა შემდგარიყო. ჟურნალ "ნიუ-იორკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკი კვირის დასაწყისში ამბობდა, რომ პრეზიდენტ ტრამპს არ ესმის, ან ზედმეტად ამარტივებს კონფლიქტს. მან ვიცე-პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატზეც ისაუბრა და თქვა, რომ ჯეი დი ვენსი "ზედმეტად რადიკალია" და ფაქტობრივად მოუწოდებს უკრაინას, წავიდეს მსხვერპლზე და დათმოს ტერიტორიები.
დონალდ ტრამპმა უკრაინის შესახებ ამ კვირაში ორჯერ ისაუბრა. თქვა, რომ ქვეყანა "განადგურებულია", მოსახლეობა კი "დახოცილი" და რომ ნებისმიერი შეთანხმება, ყველაზე უარესიც კი აჯობებდა იმას, რაც ახლა ხდება.
ხუთშაბათის შეხვედრაზე კი კამალა ჰარისმა ზელენსკის მხარდაჭერა გამოუცხადა და თქვა, რომ დონალდ ტრამპის მოწოდებები მოლაპარაკების თაობაზე არის არა "მშვიდობის შეთავაზებები", არამედ "დანებების შეთავაზებები". თუმცა დონალდ ტრამპმა პასუხად თქვა, რომ ის არ სთავაზობს კიევს დანებებას.
დონალდ ტრამპის და ჯეიდი ვენსის მოკავშირე რესპუბლიკელთაგან ზოგი უკრაინის აქტიური მხარდამჭერია და ამბობს, რომ კიევის დახმარება სწორედ ამერიკის ინტერესებს შეესაბამება. მათ შორისაა სენატორი ლინდსი გრემი. მასთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ ის პრეზიდენტ ტრამპს უკრაინის მხარდასაჭერად ესაუბრება და რომ ის პრეზიდენტ ზელენსკის ამ საუბრების შესახებ ცალკე აცნობებდა. სენატორის ოფისს ხუთშაბათს ამ თემაზე "ამერიკის ხმის" შეკითხვაზე პასუხი არ გაუცია.