შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ტექნოლოგიურ კომპანია "გუგლს" ბრალს სდებს 2016 წელს ტრამპის საარჩევნო კამპანიის წინააღმდეგ მუშაობაში. ბრალდების გაჟღერებისას პრეზიდენტს მტკიცებულებები არ წარუდგენია, თუმცა თქვა, რომ იგივეს ელოდება 2020 წლის საარჩევნო კამპანიის დროსაც და ის "გუგლს" ყურადღებით დააკვირდება.
ტრამპმა "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ პოსტში "გუგლის" მთავარი აღმასრულებელი სუნდარ პიჩაიც ახსენა და კომპანია ჩინეთთან თანამშრომლობაშიც დაადანაშაულა. ამ ფონზე, მისივე ადმინისტრაცია მანამდე აცხადებდა, რომ კომპანიის მუშაობა ამ ქვეყანასთან "ძალიან, ძალიან შეზღუდული" იყო.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ გუგლი შემჩნეულია "ძალიან უკანონო" საქმიანობაში, თუმცა არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა და ასევე, არ წარმოუდგენია მტკიცებულებები.
გუგლში აცხადებენ, რომ ასეთი განცხადებები აზიანებს მათ ბიზნესს და ხელს უშლის მათ მთავარ მისიას, მიაწოდონ სასარგებლო ინფორმაცია მომხმარებელს.