ხუთშაბათს, რესპუბლიკელთა ეროვნული კონვენციის დასასრულს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მეორე ვადით პარტიის ნომინაციის ოფიციალურად მიღების შემდეგ, თეთრი სახლის წინ მდებარე მდელოზე შეკრებილ მხარდამჭერებს დასკვნითი სიტყვით მიმართა.
პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ ნოემბრის არჩევნები გადაწყვეტს, გადარჩება თუ არა "ამერიკული ცხოვრების სტილი", თუ ამერიკელები ნებას დართავენ "რადიკალურ მოძრაობას სრულიად დაშალოს და დაანგრიოს ის". პრეზიდენტმა, რომელიც აღმატებით ხარისხში ხშირად საუბრობს, თქვა, რომ "ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში".
ასევე ნახეთ: პენსი: "სასტიკი სიმართლე ისაა, რომ თქვენ ვერ იქნებით უსაფრთხოდ ბაიდენის ამერიკაში"თეთრი სახლის მდელოზე მისულ ათასზე მეტ სტუმარს შორის, კონგრესის რესპუბლიკელი წევრებიც იყვნენ. დიდ უმრავლესობას ნიღაბი არ ეკეთა და არც სკამები იყო დაწყობილი პანდემიის გამო, ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ რეკომენდებული ფიზიკური დისტანციის გათვალისწინებით.
დონალდ ტრამპი ბოლო თვეების განმავლობაში ჩატარებულ ეროვნულ გამოკითხვებში, დემოკრატ ოპონენტ ჯო ბაიდენს საშუალოდ 7 პროცენტით ჩამორჩება. მიმართვა, რომელიც ერთ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა, პრეზიდენტმა ტრამპმა ძირითადად ამერიკის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტზე თავდასხმას დაუთმო.
ზომიერი პოლიტიკით ცნობილი ჯო ბაიდენი მან მემარცხენე რადიკალიზმთან და ანარქიზმთან გააიგივა, რომელსაც ამერიკის დანგრევა სურს და ერთ მომენტში მას "ტროას ცხენიც" კი უწოდა. ტრამპის თქმით, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი "არ არის ამერიკული სულის მხსნელი. ის არის ამერიკის სამუშაო ადგილების დამანგრეველი. და თუ მას შანსი მიეცა, ამერიკის სიდიადესაც დაანგრევს".
ასევე ნახეთ: "უბნების გადაწვა პროტესტი არ არის"- ჯო ბაიდენიაუდიტორია პრეზიდენტს სიტყვას ფეხზე ადგომით და აპლოდისმენტებით ხშირად აწყვეტინებდა. ტრამპმა გამოსვლაში ასევე ისაუბრა არჩევნებამდე ამერიკელებისთვის მიცემული დაპირებების შესრულებაზე, პანდემიამდე შექმნილ ბევრ სამუშაო ადგილზე და ქვეყნის სხვა ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე, ჩინეთის მიმართ მის მკაცრ მიდგომაზე, განსაკუთრებით - ეკონომიკის მიმართულებით.
მიმართვაში ტრამპმა, რომელსაც ოპონენტები ძირითადად პანდემიის სუსტი მართვის გამო აკრიტიკებენ, პეკინი დაადანაშაულა იმაში, რომ მან ახალი კორონავირუსის საზღვრებს გარეთ გაშვება დაუშვა. ვირუსს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "ძლიერი, უხილავი მტერი" უწოდა და ამომრჩეველთა ყურადღება უფრო მომავლისკენ გადაიტანა, დაპირდა რა მათ, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინის წარმოებას ამერიკელები წლის ბოლომდე დაიწყებენ.
პრეზიდენტ ტრამპის გამოსვლა თეთრ სახლთან ფოიერვერკებით დასრულდა, რომლითაც ვაშინგტონის მონუმენტის და ეროვნული მოლის ფონზე, ცაში დაიწერა "ტრამპი" და "2020". დემოკრატი ოპონენტები პრეზიდენტს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მან ოფისი საკუთარი საარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა, რაც მათი თქმით, თუ კანონის დარღვევა არა, სულ ცოტა - არაეთიკურია.
Your browser doesn’t support HTML5