პოლიტიკაში აუტსაიდერი, მაგრამ ბიზნესში წარმატებული, უძრავი ქონების მილიარდერი მაგნატი - დონალდ ტრამპი, ამერიკის რიგით 45-ე პრეზიდენტი გახდება. მას პოლიტიკური გამოუცდელობისთვის ხშირად აკრიტიკებდნენ და ზოგჯერ დასცინოდნენ კიდეც, ვინაიდან არასდროს, არცერთ საჯარო სამსახურში არ უმუშავია. თუმცა, ეს ხარვეზი ტრამპის კამპანიამ მის უპირატესობად აქცია და ყურადღება მაქსიმალურად პოლიტიკური ისთაბლიშმენტის რეფორმირების აუცილებლობაზე გადაიტანა.
თითქმის ორწლიანი კამპანიის დასრულების შემდეგ, არჩევნების ღამეს, ტრამპმა სენსაციური გამარჯვება მოიპოვა და ძლიერი მეტოქე, ყოფილი სახელმწიფო მდივანი, დემოკრატი ჰილარი კლინტონი დამაჯერებლად დაამარცხა. “ვპირდები ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი ვიქნები” - თქვა მან ნიუ-იორკში შეკრებილ მხარდამჭერებთან შეხვედრაზე. ტრამპს არჩევნების მოგება ტელეფონით ჰილარი კლინტონმა მიულოცა. მილოცვა და ხუთშაბათს თეთრ სახლში მიწვევა ამერიკის მომავალმა ლიდერმა პრეზიდენტ ბარაკ ობამასგანაც მიიღო.
დღეს გაკეთებულ მოხსენებაში ჰილარი კლინტონმა თქვა, რომ ტრამპს ქვეყნის საკეთილდღეოდ თანამშრომლობა შესთავაზა. თავის მხარდამჭერებს კი დემოკრატმა კანდიდატმა გონებაგახსნილობისკენ მოუწოდა და სთხოვა, ახალ პრეზიდენტს ქვეყნის მართვის შანსი მისცენ.