ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვის მიხედვით, რომელიც “ეი-ბი-სი ნიუსმა” ჩაატარა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რეიტინგი 42 პროცენტს შეადგენს. მოსახლეობის 53 პროცენტს ის არ მოსწონს. ამერიკის ისტორიაში ეს პოპულარობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რომელიც პირველი ვადით არჩეულ პრეზიდენტს თეთრ სახლში შესვლის პირველ თვეებში ჰქონია.
“ენ-ბი-სის” გამოკითხვა კიდევ უფრო დაბალ, 40-პროცენტიან რეიტინგს აჩვენებს. მსგავსი შედეგები მიიღო “გალოპმაც”. თუმცა, “ვაშინგტონ პოსტის” მონაცემებით, მათ შორის, ვინც ხმა დონალდ ტრამპს მისცა, 96 პროცენტი ამბობს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. გაკეთებულ არჩევანს გამოკითხულთა მხოლოდ 2 პროცენტი ნანობს.
შაბათს 100 დღე შესრულდება მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. ასეთ დროს ამერიკის ორივე პარტია, როგორც წესი, მიღწეულს აფასებს და სამომავლო სტრატეგიას სახავს. ტრადიციას საფუძველი 1933 წელს, ე.წ. დიდი დეპრესიის ურთულეს პერიოდში, ფრანკლინ რუზველტის პრეზიდენტობის დროს ჩაეყარა.