დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო ფიცს 20 იანვარს დადებს. რესპუბლიკელი ტრამპი ერთ-ერთი მათგანია, ვინც თეთრ სახლში დაბალი რეიტინგით შედის.
გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ და „ეი-ბი-სი ნიუსის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, დონალდ ტრამპი ამერიკის ბოლო შვიდ პრეზიდენტს შორის ყველაზე ნაკლებ პოპულარულია. CNN-ის მიერ გამოქვეყნებული კიდევ ერთი გამოკითხვის მიხედვით, ტრამპის მიმართ ამერიკელ ამომრჩევლებს უარყოფითი განწყობები აქვთ.
„ისინი, ვინც ყალბ გამოკითხვებს ატარებდნენ და ცდებოდნენ, ახლა ჩემი მოწონების რეიტინგებს ადგენენ,“ ასე გამოეხმაურა გამოკითხვის შედეგებს არჩეული პრეზიდენტი. „ისინიც ყალბია“, დაწერა მან ტვიტერზე.
მისივე თქმით, ინაუგურაციის ღონისძიებაზე დასასწრებად ვაშინგტონში სტუმრების ნაკადი არ წყდება: „ბაიკერები უკვე გზაში არიან, არაჩვეულებრივი ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი იქნება.“
ამ კვირას გამოქვეყნებული ორივე კვლევის მიხედვით, დონალდ ტრამპის მხარდაჭერის მაჩვენებელი 40 პროცენტს არ სცდება. 2009 წელს თეთრ სახლში პირველი საპრეზიდენტო ვადით შესვლისას ბარაკ ობამას რეიტინგი ორჯერ მეტი იყო, რვა წლის შემდეგ მისი რეიტინგი მომავალი პრეზიდენტის რეიტინგზე საგრძნობლად მეტი - 60 პროცენტია.
1976 წლიდან მოყოლებული შეერთებული შტატების არც ერთ არჩეულ პრეზიდენტს ისეთი დაბალი რეიტინგი არ ჰქონია, როგორც ეს დღეს, ინაუგურაციამდე დღეებით ადრე დონალდ ტრამპს აქვს. ბოლო 7 პრეზიდენტის რეიტინგი 56-დან 79 პროცენტებში მერყეობდა.
ტრამპის დაბალი რეიტინგის მიზეზი, ნაწილობრივ, ხანგრძლივი საარჩევნო კამპანია იყო, რომლის მსვლელობისას ტრამპმა ბევრი ანალიტიკოსი გააკვირვა. იმის მიუხედავად, რომ მისმა დემოკრატმა მეტოქემ და ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, ტრამპზე დაახლოებით სამი მილიონი ხმით მეტი დააგროვა, ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხდება. ამავდროულად, გამოკითხულთ 61 პროცენტს სჯერა, რომ ის ამერიკის ეკონომიკის გაჯანსაღებას შეძლებს, გამოკითხულთა ნახევარს კი იმედი აქვს, რომ ის ამერიკის ჩახლართულ საგადასახადო სისტემას გაამარტივებს.
მისდამი არსებული უარყოფითი განწყობების მიუხედავად, გამოკითხულებს იმედი აქვთ, რომ ტრამპი კამპანიისას დადებული პირობების შესრულებას შეძლებს, კერძოდ კი ქვეყანას ტერორიზმისგან დაიცავს და დასაქმებულთა რაოდენობას გაზრდის.
გამოკითხვების მიხედვით, გამოკითხულ ამერიკელთა მხოლოდ 44 პროცენტი მიიჩნევს, რომ ტრამპს პრეზიდენტისთვის საჭირო კვალიფიკაცია აქვს, გამოკითხულთა 52 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ ის პრეზიდენტობისთვის მზად არ არის.
ყოველი 10 გამოკითხულიდან მხოლოდ 4 იწონებს ტრამპის მიერ კაბინეტის წევრებად ნომინირებულ კანდიდატებს. წარსულში 10 გამოკითხულიდან 6-ს მოსწონდა პრეზიდენტების ობამას, ბილ კლინტონის, ჯორჯ ბუშ უმცროსის და ჯორჯ ბუშის მიერ ნომინირებული კაბინეტები.
CNN-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 53 პროცენტი მიიჩნევს, რომ არჩევნების შემდეგ ტრამპის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა, მისი სანდოობა შეამცირა. ამავდროულად, გამოკითხულთა 61 პროცენტს სჯერა, რომ ტრამპი ამერიკის ეკონომიკის გაჯანსაღებას შეძლებს, გამოკითხულთა ნახევარს კი იმედი აქვს, რომ ის ამერიკის ჩახლართული საგადასახადო სისტემის გამარტივებას შეძლებს.