ამერიკისა და მექსიკის მთავრობის წევრები ტარიფებისა და მიგრაციის საკითხებს განიხილავენ

ამერიკის შეერთებული შტატებისა და მექსიკის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები ერთმანეთს ვაშინგტონში ხვდებიან. განხილვის მთავარი თემა პრეზიდენტ ტრამპის განცხადებაა, რომლის თანახმადაც, ის მექსიკიდან იმპორტირებული პროდუქტის ტარიფების 5%-მდე გაზრდით დაიმუქრა. ტრამპის თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ის ცენტრალური ამერიკიდან ჩრდილოეთით, შეერთებული შტატებისკენ მომავალი მიგრანტების ნაკადებს არ შეაჩერებს.

დონალდ ტრამპი, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, საფრანგეთში, ნორმანდიაში მოკავშირეების გადასხდომის 75 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობს. მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრსა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს ვაშინგტონში ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ხვდებიან.

ირლანდიაში ყოფნისას, პრეზიდენტმა ტრამპმა ამ თემაზე კომენტარი გააკეთა: "ვფიქრობ, მექსიკამ ნაბიჯები უნდა გადადგას. თუ ასე არ მოიქცევიან, ტარიფების გაზრდა გაგრძელდება. ამ შემთხვევაში კი კომპანიები უკან, შეერთებულ შტატებში დააბრუნებენ თავის ბიზნეს საქმიანობას", - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ მექსიკას სურს ამერიკასთან შეთანხმების მიღწევა, "მაგრამ თუკი ის ვერ შეძლებს მიგრაციის შეჩერებას, ჩვენ ვერ შევძლებთ მათთან საქმიან ურთიერთობას. ვფიქრობ, ისინი შეძლებენ. მათ უმაღლესი რანგის პირები გამოგზავნეს იმისთვის, რომ სცადონ ამის გაკეთება. ვნახოთ რა მოხდება დღეს, რაღაც უნდა გაირკვეს", - თქვა პრეზიდენტმა.

ამ შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა თეთრი სახლის წარმომადგენლის კომენტარიც, სადაც ის ანონიმურობის დაცვის პირობით ამბობდა, რომ ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, თუმცა როდესაც საქმე ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება, თეთრი სახლი უკიდურესად სერიოზულად ეკიდება ამ საკითხს. თუკი მექსიკა მიგრანტებს არ შეაჩერებს, ტარიფების გაზრდა მართლაც მოხდება.

ხელისუფლების ცნობით, ბოლო თვეებში 100 000-მდე უსაბუთო მიგრანტმა, რომელთა უმეტესობაც გვატემალიდან, ჰონდურასიდან ან ელ-სალვადორიდანაა, ამერიკის საზღვარი გადმოკვეთა, რათა აქ თავშესაფარი და სამუშაო მიიღოს და საკუთარ ქვეყნებში არსებულ ძალადობასა და სიღარიბეს გაექცეს. ამავე ცნობების მიხედვით, მხოლოდ მაისში საზღვარზე 144 ათასი მიგრანტი დააკავეს, რაც აპრილის მონაცემებთან შედარებით 32 %-ით მეტია. და ეს ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელი იყო უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ იწონებს ზოგიერთი მისი ახლო მოკავშირეც საკანონმდებლო ორგანოში. რესპუბლიკელთა ნაწილი, დემოკრატების მსგავსად, მიიჩნევს, რომ იმპორტის ტარიფის გაზრდით, შესაძლოა ამერიკის მოსახლეობას ზოგიერთი პროდუქტი გაუძვირდეს და მათ ყოფაზე ეს უარყოფითად აისახოს. შესაბამისად, გამორიცხული არაა, საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტის ამგვარი გადაწყვეიტლება დაბლოკოს. თუმცა, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ რესპუბლიკელები "სულელები იქნებიან", თუკი მის შეჩერებას შეეცდებიან და ტარიფების საკითხს დაბლოკავენ.