ოთხშაბათს ჩრდილოეთ სირიის ბანაკ ალ-ჰოლში ბრძოლის ზონიდან, ბაღუზიდან ევაკუირებული 2000-მდე ქალი და ბავშვი ჩავიდა. ჰუმანიტარული კრიზისი რეგიონში სწრაფი ტემპით მწვავდება. ბევრი მათგანი დაჭრილია ან ავად არის. ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფების წარმომადგენლები ამბობენ, რომ 12 ადამიანი გარდაიცვალა, 60 კი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახლა კი დამატებით 3000-მდე ადამიანს ელოდებიან და მათ მისაღებად ემზადებიან.
შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილმა, სირიის დემოკრატიულმა ძალებმა სამშაბათს განცხადება გააკეთა, რომ მათ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაკავებულ ბოლო სიმაგრეზე მნიშვნელოვანი შეტევა მიიტანეს და შედეგად 157 მებრძოლი შეიპყრეს. შეტაკებები სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ბანღუზში მოხდა, რომელიც უკანასკნელი ანკლავი იყო დაჯგუფების კონტროლის ქვეშ. სირიის დემოკრატიული ძალები რამდენიმე კვირაა, რაც ბანღუზის ტერორისტული დაჯგუფების წევრებისგან გასათავისუფლებად იბრძვის.
„ეს ქალები და ბავშვები ყველაზე ცუდ მდგომარეობაში არიან, რაც კი ამ დრომდე, მთელი ამ კრიზისის განმავლობაში გვინახავს“, - ამბობს უენდი ტაეუბერი, „საერთაშორისო ხსნის კომიტეტის“ ერაყისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის დირექტორი. "ბევრი მათგანი ბრძოლაში მოჰყვა, ათეულობით ადამიანი კი ცეცხლისგან ან ასაფეთქებელი მოწყობილობების ნამსხვრევებისგან დაშავდა".
"საერთაშორისო ხსნის კომიტეტი" აცხადებს, რომ ევაკუირებულთაგან დაახლოებით 140 ადამიანი დაიღუპა, მსხვერპლთა დიდი ნაწილი ახალშობილები ან ბავშვები არიან. ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ უკვე ვეღარ წარმოუდგენიათ რამდენად მეტმა ადამიანმა შეიძლება მიაკითხოს მათ დახმარებისთვის, რადგან ციფრებმა აქამდე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
ალ-ჰოლის ბანაკი, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, თავდაპირველად 10 000 ადამიანისთვის იყო გათვლილი, ამჟამად დაახლოებით 72 ათასი ადამიანის თავშესაფარია.