მაშველები ტაილანდის გამოქვაბულიდან მოზარდების ამოყვანას ცდილობენ

მყვინთავებმა 12 მოზარდი ფეხბურთელის და მათი მწვრთნელისთვის მაღალკალორიული ჟელატინის და წამლების მიწოდება შეძლეს. 13 ადამიანი ტაილანდში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ 9 დღეა გამოქვაბულშია გამომწყვდეული და მაშველები მათ გამოხსნას ჯერ კიდევ ცდილობენ.

“ცამეტივე უსაფრთხოდაა… ჩვენ მათ მივხედავთ, სანამ ამოყვანას შევძლებთ” - განაცხადა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელმა ორშაბათს მოწყობილ პრესკონფერენციაზე. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ისინი სუსტად არიან, რადგან 9 დღე საკვები არ ჰქონდათ. ჯგუფის წევრებს აქვთ უმნიშვნელო დაზიანებები, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებიან.

მაშველებმა 5-წუთიანი ვიდეო გაავრცელეს. ვიდეოში კარგად ჩანს ყველა დაკარგული, საფეხბურთო ფორმაში გამოწყობილი 11-დან 16 წლამდე ბიჭები და მათი მწვრთნელი. ისინი გამოქვაბულის მშრალ ნაწილში არიან. ნაწილი დგას, ნაწილი კი ზის. ბავშვები მაშველების მიერ ანთებული ფარნების გამო თვალებზე ხელს იფარებენ.