მაიმუნის ყვავილის შემთხვევები იზრდება, კომპანიები ტესტერების დამზადებაზე გადაერთნენ

დიაგნოსტიკური კომპანიები ახალ მარათონში ჩაერთნენ და ბაზარზე საკუთარი წარმოების მაიმუნის ყვავილის ტესტერის გატანას ცდილობენ. ეს ვირუსული ინფექციის პირველი გავრცელების ფაქტია, აფრიკის კონტინენტის გარეთ, არაენდემურ ქვეყნებში.

ამ დროისთვის, მაიმუნის ყვავილით 700-მდე ინფიცირების შემთხვევა აღირიცხა რამდენიმე ათეულ სახელმწიფოში, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აზრით, მიუთითებს იმაზე, რომ ვირუსი გარკვეული ხნის განმავლობაში უკონტროლოდ ვრცელდებოდა. რამდენადაც ცნობილია, ჯერჯერობით, ვირუსული ინფექციის ამ ტალღის გამო არავინ გარდაცვლილა.

ასევე ნახეთ: მაიმუნის ყვავილის შეკავება შესაძლებელია, თუ სწრაფად ვიმოქმედებთ - ჯანმო

სპეციალისტების აზრით, სიტუაცია ახლა ბევრად განსხვავდება კოვიდ-19-ისგან. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მაიმუნის ყვავილს კორონავირუსთან შედარებით ნაკლები გავრცელება ახასიათებს, ის უშუალო კონტაქტით და შეხებით გადადის. ამას გარდა, უკვე არსებობს მაიმუნის ყვავილის გამომწვევი ვირუსის წინააღმდეგ მოქმედი, ადრე დამტკიცებული უსაფრთხო ვაქცინები და ეფექტიანი სამკურნალო საშუალებები.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აფართოებს მაიმუნის ყვავილის გავრცელების კონტროლს, შესაბამისად, იზრდება დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი ტესტერების საჭიროება. იქიდან გამომდინარე, რომ კოვიდ-19-ის პანდემიამ 2020 წელს მრავალმილიარდიანი ინდუსტრიის შექმნა გამოიწვია, კომპანიები ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ მაიმუნის ყვავილის ტესტერების წარმოება და ბაზარზე თავი თავიდანვე უკეთ დაიმკვიდრონ.

შვეიცარული კომპანია "როშე" აცხადებს, რომ კოვიდ-19-ის ტესტების გაყიდვით ამ წლის პირველ კვარტალში მათ 2 მილიარდი დოლარის ოდენობის შემოსავალი ჰქონდათ. "ბერკლის" ანალიტიკოსი ემილი ფილდი ამბობს, რომ სრულებით განსხვავებული სიტუაციაა მაიმუნის ყვავილის შემთხვევაში, სადაც კომპანიებს მოგება ექნებათ, მაგრამ - გაცილებით ნაკლები.

Your browser doesn’t support HTML5

მაიმუნის ყვავილი - ახალი პანდემია, თუ რიგითი ვირუსი