ინტერნეტ-გიგანტი „გუგლი“ ამბობს, რომ ის მთლიანად ავტოპილოტზე მოძრავი მანქანის შექმნის ბოლო ეტაპზეა. მეორე გიგანტი „აი-ბი-ემი“ კი „ვატსონზე“ - ისეთ კომპიუტერზე მუშაობს, რომელიც არამარტო ინფორმაციას ინახავს, არამედ მას ითვისებს, სწავლობს კიდეც. საბითუმო ინტერნეტ-კომპანია „ამაზონს“ საწყობები დიდი ხანია ავტომატიზირებული აქვს და ახლა ამანათების მიწოდების საქმეში დრონების ჩართვას გეგმავს.
ტექნოლოგიების განვითარება დღითი-დღე ჩქარდება. ისინი უკეთ ფიქრობენ, უფრო სწრაფ და თანდათან უფრო სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. ენდრიუ მაკაფი, წიგნის -„ტექნოლოგიების მეორე ერა“ - თანაავტორი, ამბობს, რომ ტექნოლოგიური პროგრესის ახალ ეტაპს ორი მთავარი შედეგი ექნება. პირველი, ეს არის ახალი შესაძლებლობები.
Your browser doesn’t support HTML5
აუდიო: ტექნოლოგიური ცვლილებები
„მეტი არჩევანი, უფრო მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება, ფასების კლება... არამარტო სამომხმარებლო საქონელზე, არამედ - საკომუნიკაციო საშუალებებზე, ჯანდაცვის, გართობის სფეროზე. საკვები იქნება ეს, დასვენება, თუ ნებისმიერი რამ, რაც ცხოვრებაში გვჭირდება“ - აღნიშნავს ის.
მაკაფი აღიარებს, რომ ტექნოლოგიური პროგრესის სწრაფი განვითარება ნაკლებად პოზიტიურ შედეგებსაც გამოიწვევს. არც ისე შორეულ მომავალში ჭკვიანი რობოტები ადამიანებს თანდათან უფრო მეტ სამუშაო ადგილზე ჩაანაცვლებენ.
„ტექნოლოგიის თვისებაა - ზოგიერთი ტიპის გამარჯვებულს ცნობს, დიდი რაოდენობით ადამიანს კი უკან მოიტოვებს. ამიტომ ვხედავთ შემოსავლების და მოგების არათანაბარ განაწილებას, უთანასწორობას საშუალებებში, მობილურობაში. ძალზე სერიოზული გამოწვევებია და მათთვის თვალის გასწორება მოგვიწევს“ - ამბობს ენდრიუ მაკაფი ციფრული ბიზნესის ცენტრიდან.
მათ, ვინც ამ გამოწვევების გამო თავს საფრთხეში გრძნობს, სპეციალისტი კვალიფიციურ განათლებას და ტექნოლოგიური საშუალებების უპირატესობების - ხელმისაწვდომობის და კომუნიკაბელურობის - მაქსიმალურ გამოყენებას ურჩევს.
„საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც დღეს ისევ ტექნოლოგიების დამსახურებით ინტერნეტზე მოიპოვება, სრულიად ფანტასტიურია. მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტების ლექციების უფასოდ მოსმენის საშუალება გაჩნდა. ეს ძალზე პოზიტიურ განვითარებად მიმაჩნია“ - აღნიშნავს მაკაფი.
ინდივიდუალურ ინიციატივასთან ერთად, მაკაფის აზრით, საქმეში მთავრობებიც უნდა ჩაერთონ. მათი დახმარება ახალი საწვრთნელი პროგრამების და საშუალებების შექმნაში, გარემოს დაცვაზე დაფუძნებული მეწარმეობის განვითარებაში და ინოვაციის წახალისების საქმეში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.