ერთი ჟურნალისტისგან დაქცეული ქვეყნის ამბავი

"რადიო თავისუფლების" ფოტო

საქართველო ქვეყანაა, რომლის ხელისუფლებას სჯერა, რომ ერთ ჟურნალისტს ქვეყნის დაქცევა შეუძლია. ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება იმ განცხადებებიდან, რაც დღეს მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა და სახელმწიფო უწყებებმა გაავრცელეს.

ამბავი კი იმით დაიწყო, რომ გუშინ, რუსთავი 2-ის ერთ-ერთმა წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ საავტორო გადაცემაში ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მკვეთრად უხამსად, ლანძღვითა და გინებით მოიხსენია. რუსეთის ფედერაციის პირველი პირისადმი მიმართვა წამყვანმა რუსულ ენაზე გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირ პუტინის ლანძღვასა და გინებას საჯაროდ საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ ერთგვარი კამპანიის სახეც კი აქვს და ოკუპაციის გაპროტესტება ამ ტერმინოლოგიის გამოყენების გარეშე არ ხდება, გაბუნიას მიმართვა რუსულ ენაზე ბევრი ადამიანისთვის, მათ შორის ხელისუფლებაში, აღმაშფოთებელი აღმოჩნდა.

მოგვიანებით, ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ უწმაწური ტერმინოლოგიის გამოყენების გამო, პირდაპირი ეთერით ბოდიში მოიხადა, თუმცა ბოდიში მხედველობაში არ მიუღიათ ადამიანებს, ვინც რუსთავი 2-ის შენობასთან გვიან ღამით დაიწყო შეკრება. მათი მოთხოვნა საკმაოდ უჩვეულო გახლდათ, ისინი გაბუნიასა და გვარამიას მიერ პოსტებისა და ქვეყნის დატოვებას ითხოვდნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არანაირი სამართლებრივი შესაძლებლობა და მექანიზმი არ არსებობს მსგავსი მოთხოვნების წამოყენებისთვის ან მათი იმპლიმენტაციისთვის არასაჯარო პირების მიმართ.

გუშინ, გვიან ღამესვე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ორკესტრირებულად გააჟღერეს მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ მედია, რომელსაც ისინი ოპოზიციურად მიიჩნევენ, ქვეყნის საზიანო საქმეს აკეთებს და ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობს. ასეთი დასკვნის საფუძველი გაბუნიას გინება აღმოჩნდა.

„შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი და ძალიან მარტივი. ეს არ არის ერთჯერადი შემთხვევა და ეს არ იყო ცალკე აღებული რომელიმე ჟურნალისტის ნათქვამი. ესაა წლების განმავლობაში არსებული აგრესია ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მოდის ნაციონალური მოძრაობისა და მისი ბელადის მხრიდან. რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ, ეს იყო სრულიად ამაზრზენი და ამორალური საქციელი და ამავე დროს გამიზნული და უბინძურესი პროვოკაცია, რომლის მიზანი გახლდათ, მოახდინონ საქართველოში დესტაბილიზაცია, მოახდინონ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაზიანება. მინდა გითხრათ, რომ ეს არავის არ გამოუვა, მსგავსი სცენარები არ განვითარდება, ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ.

ჟურნალისტის ქცევა პრეზიდენტმაც დაგმო, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ნაცმოძრაობა სამოქალაქო ომს უკეთებს ორგანიზებას“.

უპრეცენდენტო აღმოჩნდა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟურნალისტის მონოლოგის თაობაზე. უწყებამ ჟურნალისტი დაადანაშაულა საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების დაძაბვაში და საერთაშორისო საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა ჟურნალისტის საქციელის შეფასებისკენ: „ცხადია, რომ ადგილი აქვს მიზანმიმართულ ქმედებას ქვეყანაში დესტაბილიზაციის განცდის დამკვიდრების მიზნით, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობს დაძაბულობის დეესკალაციას“,- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას მკვეთრად უარყოფითად აფასებს "ამერიკის ხმასთან" ბათუ ქუთელია, ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი და ამბობს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი განცხადება არ არსებობს. „განცხადება აცდენილია ყველაფერს, ფასეულობით ნაწილშიც, ადექვატურობის თვალსაზრისითაც და ინსტიტუციონალურადაც. საგარეო საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილება და როლი საერთოდ არაა ამ ტიპის ქმედებაზე ამ ფორმით განცხადებების კეთება. საქმე ეხება კერძო ტელევიზიის გამოხატვის უფლებას. მეორეს მხრივ, არაა გასაკვირი, რომ ეს გააკეთა ხელისუფლებამ, რადგან დღევანდელ საქართველოში, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკა ინსიტუციონალურად არის მოშლილი. ქვეყნის მართვა, რეალურად, ხდება არაფორმალური მართვის მექანიზმით. შესაბამისად, პარტიული ხაზით, ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო ასეთი დავალება საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალკალიანმა, ტექსტი გაუგზავნეს და გამოაქვეყნა.“

ბათუ ქუთელია მიიჩნევს, რომ არაფორმალური მმართველობის პირობებში განსაკუთრებით მოწყვლადია ქვეყნის უსაფრთხოება და ნებისმიერმა პროვოკაციამ რუსეთის მხრიდან, შესაძლოა, მარტივად მიაღწიოს წარმატებას: „მესმის, რომ ეს ძალიან მძიმე დასკვნაა, რასაც ახლა ვაკეთებ. ქვეყანა იმართება უკომპასო გემივით. თვალნათლივ გამოჩნდა, საგარეოს განცხადებიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის ინსტიტუციური მართვა მოშლილია და კიდევ უფრო მეტ შეცდომას ვიხილავთ. სახელმწიფოს მიტაცების ყველა ფორმის არსებობის შემთხვევაში, მოსალოდნელია, ნებისმიერ სხვა კრიზისში, შესაბამისმა უწყებებმა ისევ არასწორ გადაწყვეტილებები მიიღონ და ქვეყანა უფრო დასუსტდეს.“

"ამერიკის ხმასთან" არსებული მდგომარეობა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმაც შეაფასა: „ასეთი განსაკუთრებული გინება პროვოკაციულ პოზიციას ამჟღავნებდა, რადგან ეს არ იყო ჩვეულებრივი გინება, მიმართული იყო იქითკენ, რომ ადამიანი ძალიან გაბრაზებულიყო. რამდენად მორალურად სწორი იყო, ამის თაობაზე ვერ ვიდავებთ, მაგრამ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდებოდა. რაც მას მოჰყვა, არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. ვგულისხმობ საგარეოს პოზიციას, ზოგადად, ხელისუფლების პოზიციებს, რაც ამოვარდნილი იყო ყოველგვარი კალაპოტიდან. ჟურნალისტის მიერ ასეთი ტერმინების გამოყენებას ხელისუფლების მხრიდან არ უნდა მოჰყვებოდეს ასეთი სწრაფი რეაგირება და მით უმეტეს, საგარეოს განცხადებები.“

გიორგი კლდიაშვილი საუბრობს იმის თაობაზეც, რომ დღეს თბილისში ლგბტ თემის პრაიდი იყო დაანონსებული, რის საპირისპიროდაც გაიმართა კონტრ-აქცია და რუსთაველზე ულტრა მემარჯვენე ძალები მობილიზდნენ. პარალელურად, ასევე იმართება მიტინგები გახარიას გადადგომის მოთხოვნით, რაც ჯამში საკმაოდ მძლავრი დაძაბულობის სურთს ქმნის და ქვეყანაში უარყოფით მუხტს ამძაფრებს.

რუსულ მედიას გაბუნია უყურადღებოდ არ დაუტოვებია. მთელი დღის განმავლობაში ვრცელდება გამოხმაურებები პუტინის გინების თაობაზე. მრავალფეროვანია ჟურნალისტის დასჯის მოთხოვნების ნუსხაც, რომელიც იწყება მისი რუსეთში ექსტრადირების სურვილითა და გრძელდება მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის წინადადებებით.

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ღამე რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა იმის თაობაზე, რომ „გავეშებულ ბრბოს“, რომელიც რუსთავი 2-თან იყო შეკრებილი, „გაბუნიას თავს არ გადაუგდებდა“, დღეს ტელევიზიის თვითრეგულირების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ გაბუნიას 2 თვის განმავლობაში უფლებამოსილება შეუჩერდება, შესაბამისად, მას შეეზღუდება გადაცემების წაყვანის უფლება.